„ეს საიდუმლო არ არის" - იუსტიციის მინისტრი აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარზე

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2023
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ავიაჩანაწერი, რომელშიც ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე მსჯელობდნენ.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის არსებობს საკომუნიკაციო არხი და ამაში არაფერი საიდუმლო არ არის, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
აუდიოჩანაწერი, სადაც აბაშიძე და კარასინი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხს განიხილავენ, Cyber Kmarа-სYoutube-არხზე ოთხშაბათს გავრცელდა. საუბარი უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ გაიმართა. აბაშიძემ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.
„ის, რომ ბატონ აბაშიძეს და კარასინს შორის არსებობს ურთიერთობა, ყველამ იცით და ეს საიდუმლო არა რის. ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და არსებობს საკომუნიკაციო არხი", - განაცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, თუ რაიმე ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ მისი ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.
„რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მხარის მიერ იქნა მიღებული. საქართველოს არ შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუ საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილდებათ გადაადგილება, ამაში ჩვენ ცუდს ვერაფერს ვხედავთ", - განაცხადა ბრეგაძემ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
„სკანდალური არაფერია" - აბაშიძის კომენტარი კარასინთან სატელეფონო საუბარზე>>>
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
ყველა ახალი ამბავი
0