სად გაქრა საქართველოში გავრცელებული ზეთისხილის 60-ზე მეტი ჯიში

© Sputnik / Levan Avlabreliსამების ბაღის უხუცესი მკვიდრი - 400 წლოვანი ზეთისხილი
სამების ბაღის უხუცესი მკვიდრი - 400 წლოვანი ზეთისხილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ზეთისხილი არ უყვარდეს, ის ერთნაირად გემრიელი და სასარგებლოა.
ბევრმა, შესაძლოა, არ იცის, რომ საქართველოში ზეთისხილის 60-ზე მეტი ჯიში არსებობდა და ერთ-ერთ ჯიშს „თბილისური“ ერქვა, სად გაქრა იგი და ზეთისხილის რა სახეობები იყო გავრცელებული ჩვენთან, ამ თემაზე ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონ ნინო გოცაძე გვიამბობს.
- ქალბატონო ნინო, გადავწყვიტეთ, რომ მკითხველს საქართველოში გავრცელებულ ზეთისხილის სახეობებზე ვესაუბროთ. დღეს თუ ხდება ჩვენთან ზეთისხილის ინტენსიური მოყვანა?
— დღეს საქართველოში ზეთისხილის მოყვანა და მისგან მიღებული ნედლეულის ინტენსიური წარმოება არ ხდება. თუმცა, იყო დრო, ზეთისხილის ბაღები არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დიდ ფართობებზე იყო გაშენებული.
მსოფლიოში კულტურული ზეთისხილის 300-ზე მეტი ჯიშია. მათ შორის 10% ქართული წარმომავლობისაა. ჩვენში ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი ადგილობრივი ჯიშები, როგორებიცაა, მაგალითად „ოთური“-საკონსერვო ღირებულების ჯიშია. „ბუტკო“ —ასევე საკონსერვო ღირებულებისაა, „გორვალა“ —საზეთე ჯიში და სხვა. იყო დრო, როცა საქართველოში ინტენსიურად ხდებოდა ზეთისხილის მოშენება. ნაყოფებისგან მზადდებოდა კონსერვები, მარინადები, იხდებოდა ზეითუნის ზეთი. წელიწადში 60-78 ტონა ნაყოფი იკრიფებოდა.
- არსებობდა ზეთისხილის ჯიში, რომელსაც „თბილისური“ ერქვა, საქართველოში თუ გვხვდება ის დღეს?
— რაც შეეხება კონკრეტულად იმ ჯიშს, რომელსაც „თბილისური“ ერქვა, მისი ბაღები მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20-ის დასაწყისში, თბილისში, სოლოლაკის ქედზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედაც უხვად გვხვდებოდა. არა მარტო ეს ჯიში, სხვა ჯიშებიც მრავლად იყო საქართველოში. „თბილისური“ — საზეთე ჯიშია, რომელიც ახლა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი.
-და მაინც, რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ დიდ ტერიტორიაზე მოშენებული ეს კულტურა ერთ დღეს გაქრა ჩვენი ტერიტორიიდან?
— საქმე ისაა, რომ 1927 წლის შემდეგ, სახელმწიფოს ცენტრალიზებული მართვის შედეგად, ზეთისხილის წარმოება აზერბაიჯანისა და თურქმენეთის რესპუბლიკებს დაევალათ, საქართველოში კი გაძლიერდა დასავლეთში ჩაისა და ციტრუსების, აღმოსავლეთში — ვაშლის, ატმისა და ვაზის კულტურების მოშენება. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ფაქტიურად ზეთისხილი საქართველოსათვის უცხო კულტურად იქცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზეთისხილის კულტურა კვლავ ბრუნდება. ჯერ კიდევ 2009 წელს სიღნაღის რაიონში 20 000 ძირი ზეთისხილის ხე დაირგო.
თბილისში კი, სამების ბაღში. ჯერ კიდევ 2006 წელს დარგული 100-მდე ზეთისხილის ხე, რომელიც უკვე ათი წელია მოსავალსაც იძლევა, იმის მშვენიერი მაგალითია, რომ ამ კულტურისათვის თბილისური ზამთარი არც ისე რთული დასაძლევია.
თამარ ხონელიძე
ყველა ახალი ამბავი
0