თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში მწუხარება გამოთქვეს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ ლოგო
„ქართული ოცნების“ ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2023
გამოწერა
თენგიზ არჩვაძე დღეს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს.
თენგიზ არჩვაძე დღეს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა არტისტის უდიდესი კვალი, რომელიც მან ქართულ კინემატოგრაფიაში დატოვა.
„თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს. თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოაცხადა ასევე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში. ვუსამძიმრებთ თენგიზ არჩვაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ სამძიმრის წერილში.
თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
„ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თენგიზ არჩვაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მის სახელს 100-ზე მეტი როლი უკავშირდება. იგი არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია. თავად თვლიდა, რომ მსახიობისთვის მთავარი თეატრია, თუმცა მაყურებელმა მისი კინოგმირები მთელი გულით შეიყვარა. თენგიზ არჩვაძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში, ისე მაყურებლის გულში. ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახის, ქართული კინოსა და თეატრალური საზოგადოების, მთელი საქართველოს დიდ გულისტკივილს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“, და სხვ.
მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.
ყველა ახალი ამბავი
0