სწავლა რუსეთში - რატომ ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს

© photo: Sputnik / Stringerვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღება 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. არჩევანი, რომლის შეცვლის სურვილი არ გვაქვს – ასე აფასებენ სტუდენტები საქართველოდან თავიანთ გადაწყვეტილებას, ჩააბარონ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ უფასო განათლების პროგრამით, რის შესახებაც მათ ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისის მსვლელობისას განაცხადეს.
„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებმა სოფიკო ნოვიკოვამ და შამილ ალიევმა ისაუბრეს, თუ როგორ ჩააბარეს რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში და რამდენად წარმატებით გაართვეს თავი ახალ გარემოში ადაპტაციას. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ექსპერტი ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიგრაციის საკითხებში ანა ხოტივრიშვილი.

„ჩარიცხვა ადვილი იყო, აუცილებელი იყო ჩამოთვლილი დოკუმენტების ჩაბარება – ატესტატი, სამედიცინო ცნობები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. როგორც კი შემთხვევით გავიგე ამ პროგრამის შესახებ ახალგაზრდული ფესტივალის მიმდინარეობისას, მაშინვე მივხვდი, რომ უნდა მეცადა. ვცადე და არცერთხელ არ მინანია“, – აღნიშნა ალიევმა.

ნოვიკოვამ კი თქვა, რომ გაუჭირდა დოკუმენტების შეგროვება, მაგრამ არა იმიტომ, რომ დოკუმენტების შეგროვება იყო რთული, არამედ იმიტომ, რომ პროგრამის შესახებ განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე გაიგო.

„ნერვიულობა მომიწია. ახლაც მახსოვს, რა სტრესი იყო ჩემთვის ყველა დოკუმენტის ბოლო მომენტში შეგროვება. უკვე ვფიქრობდი, რომ დოკუმენტებს არ მიიღებდნენ, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი“, – აღნიშნა სოფიკომ.

სტუდენტების აზრით, უფასო სწავლის პროგრამა რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რადგან ქართულ ენაზე სწავლა მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.

„ცხოვრებაში არასდროს მდგარა კითხვა, მესწავლა თუ არა რუსეთში – ყოველთვის ვიცოდი, რომ რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გავხდებოდი. საკითხი მხოლოდ ის იყო, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს. საქართველოში სწავლაზე არასდროს მიფიქრია. ამაში უფასო უმაღლესი განათლების პროგრამა დამეხმარა“, – განაცხადა სოფიკო ნოვიკოვამ.

ალიევი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ პროგრამით სტუდენტი ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მასაც „რთული დროის“ გავლა მოუწია. მაგრამ ამ პირობებშიც კი ის თავს კომფორტულად გრძნობდა.

„წარმოშობით სოფლიდან ვარ და ისეთ დიდ და მრავაფეროვან ქალაქთან შეგუება, როგორიც მოსკოვია, რთული იყო, მაგრამ მიხარია, რომ მხარდაჭერის გარეშე არ დავრჩენილვარ – ადაპტაციამ კარგად ჩაიარა, თანდათანობით ყველაფერ ახალს მივეჩვიე და დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“, – აღნიშნა შამილ ალიევმა.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდით რუსეთში სურთ დარჩენა, რათა მიიღონ გამოცდილება, რომლის რეალიზებასაც უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ.
ექსპერტ ანა ხოტივრიშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეებისთვის პრობლემა გახდა საქართველოში დასაქმება რუსული განათლებით – მსხვილი საერთაშორისო კომპანიები ხშირად ეუბნებიან უარს ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს და ეს პოლიტიკური კონტექსტის გარეშე არ ხდება.

„ხდება ხოლმე, რომ ვინც განათლება რუსეთში მიიღო, მისი რეზიუმე შეიძლება არც განიხილონ. მაგრამ პერსპექტივაა ის, რომ იღებთ გამოცდილებას, რომლის გაზიარებაც თქვენს ქვეყანაში შეგიძლიათ. და უმეტეს შემთხვევაში სწორედ მიღებული გამოცდილება ეხმარება ადამიანებს, იაზროვნონ ფართოდ და გამოვიდნენ ასეთი სიტუაციებიდან“, – განაცხადა ხოტივრიშვილმა.

საქართველოდან განაცხადი წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე დაახლოებით 150-მა აბიტურიენტმა შეიტანა. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესი
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე განაცხადის წარდგენის წესი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის).
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის – თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციის ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0