მოქალაქეობის მიღების ახალი წესები: რა ელის რუსეთის პასპორტის აღების მსურველს
14:24 25.10.2023 (განახლებულია: 20:36 25.10.2023)
© photo: Sputnik / Stringer

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
მიხაილ ვორობიოვი
რუსეთში 2023 წლის 26 ოქტომბერს ძალაში შედის ახალი ფედერალური კანონი „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“. ის ჩაანაცვლებს ამავე სახელწოდების სამართლებრივ აქტს, რომელიც 20 წელზე მეტია გამოიყენება.
ვინ იღებს ყველაზე ხშირად რუსულ პასპორტს?
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობა 691 ათასმა უცხოელმა მიიღო. რუსული პასპორტების ყველაზე აქტიური მიმღები უკრაინის მოქალაქეები იყვნენ − ამ პერიოდში რუსული დოკუმენტების მიმღებთა მთლიანი რაოდენობის 43%. რუსეთის ახალი მოქალაქეების რაოდენობით მეორე ადგილზე ტაჯიკელები იყვნენ (25%).
2023 წლის პირველ ნახევარში რუსული პასპორტი 205 ათასმა უცხოელმა მიიღო. წინა ორ-ნახევარ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა უკრაინის მოქალაქეებზე გაცემული რუსული პასპორტების რაოდენობა, ხოლო სხვა ქვეყნების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ახალი წესების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად პირმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ რუსული ენა (აქამდე ეს ცოდნა სპეციალური ტესტით მოწმდებოდა), არამედ რუსეთის ისტორია და ასევე ქვეყნის კანონმდებლობის საფუძვლებიც. თუმცა, როგორ უნდა დაადასტუროს ეს ცოდნა, არ არის დაკონკრეტებული.
გამარტივებული პროცედურა
ცვლილებები შევიდა რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლების მქონე პირთა სიაშიც. მასში შეიყვანეს ის პირებიც, ვინც წარჩინებით დაამთავრა რუსული უნივერსიტეტები, ასევე ისინიც, ვისი პირდაპირი აღმავალი ხაზის ნათესავებიც მუდმივად ცხოვრობდნენ რუსეთის იმპერიის ან სსრკ-ის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრებში.
ახალი კანონი გამორიცხავს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებას ინვესტიციებისა და მეწარმეობისთვის, ამბობს საერთაშორისო და საჯარო სამართლის დეპარტამენტის ექსპერტი მიხაილ გაცკო.
ადრე შესაძლებელი იყო პასპორტის გამარტივებული წესით აღება, თუ პირი დაქორწინებული იყო რუსეთის მოქალაქეზე მინიმუმ სამი წლის განმავლობაში. ახალ წესებში ქორწინების ხანგრძლივობის კრიტერიუმი მოიხსნა, მაგრამ გაჩნდა სავალდებულო პირობა − საერთო ბავშვის ყოლა. როგორც კრემლის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს ზომა ფიქტიური ქორწინების პრაქტიკის აღმოსაფხვრელად იქნა მიღებული.
ახალი წესების მიხედვით, პირს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლია, თუ შვილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჰყავს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა შვილი. მანამდე კანონი მოითხოვდა, რომ ის სრულწლოვანი ყოფილიყო.
ადრინდელის მსგავსად, რუსეთის ფედერაციაში დაბადებული უცხოელების შვილი ახლაც რუსეთის მოქალაქე ხდება, თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა არ მიიღო დაბადებით.
„თუმცა ახლა ბავშვი, რომელიც დაიბადება რუსეთის კუთვნილ გემზე ან თვითმფრინავზე და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას არ მიიღებს დაბადებით, რუსეთის პასპორტს მიიღებს მაშინაც კი, თუ მისი მშობლები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ არიან“, − განმარტა იურისტთა ასოციაციის წევრმა ანასტასია გრომაკოვამ.
წარსულში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეეძლოთ სსრკ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რსფსრ-ის ტერიტორიაზე იყვნენ დაბადებული. ახალი კანონის თანახმად, ამის შესაძლებლობა მიეცემათ არა მხოლოდ რსფსრ-ში დაბადებულებს, არამედ მათაც, ვინც მუდმივად ცხოვრობდა იქ.
მოქალაქეობის შეწყვეტა
მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურა აღარ არსებობს. იგი მოქალაქეობის შეწყვეტით შეიცვალა.
როგორც მიხაილ გაცკო ამბობს, რუსეთში იმ დანაშაულთა სია, რომლებიც მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, თითქმის გაოთხმაგდა.
მისი თქმით, დანაშაულთა ნუსხა იმეორებს მოქალაქეობის შესახებ წინა კანონით განსაზღვრულ ქმედებებს. მათ შორისაა ტერორიზმი, მძევლების აყვანა, არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზება, ძალაუფლების ძალადობრივი მიტაცება და სახელმწიფო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა, თავდასხმა ადამიანებზე ან ინსტიტუტებზე, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ, შეიარაღებული აჯანყება და დივერსიები.
ინოვაციების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტა ასევე მოსალოდნელია შემდეგ შემთხვევებში:
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის;
სანქციების შემოღებისა და აგრესიული ომის გაღვივებისკენ მოწოდებებისთვის;
ექსტრემისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის;
რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობისთვის; დეზერტირობისთვის;
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის; შპიონაჟისა და სახელმწიფოს ღალატისთვის;
სახელმწიფო საიდუმლოს გათქმისთვის;
სექსუალური ხასიათის დანაშაულებისთვის;
ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის;
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთვის.
„გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტა გათვალისწინებულია უცხოური აგენტების შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, არასასურველ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის დარღვევისთვის, ან შეკრების, მიტინგის, დემონსტრაციის, მსვლელობის ან პიკეტირების გამართვისთვის, თუ ეს ქმედება პირს რამდენჯერმე აქვს ჩადენილი“, − დასძინა გაცკომ.
როგორც ასოცირებული პროფესორი სერგეი ანდრეიცო ამბობს, საბოლოოდ, იმის თქმა, რუსული პასპორტის მოპოვება გაადვილდა თუ გართულდა, შეუძლებელია − ფუნდამენტური ცვლილებები არ მომხდარა.