ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მთავრდება

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის უღელტეხილი
რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 21,7 კმ-იანი მონაკვეთის (84-107 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მრავლად იყო მეწყრული ადგილები, რაც ართულებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
„რეაბილიტირებული მონაკვეთი ჭიათურის მუნიციპალიტეტში იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სრულდება. გარდა იმისა, რომ განახლებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს ჭიათურასა და ზესტაფონს, ეს გზა არის 3 მუნიციპალიტეტისა და გზის მიმდებარე სოფლების რეგიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი მიმართულებაც", – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და დასრულდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტული მონიშვნა.
უწყების ცნობით, ასევე გრძელდება გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გასწვრივ 16 სხვადასხვა (84-107 კმ) მონაკვეთზე არსებული დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 19,7 მლნ ლარი შეადგინა. დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება კი 30,3 მლნ ლარს შეადგენს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზა აღმოსავლეთი–დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0