მიმოხილვა: რაზე შეთანხმდნენ მოსკოვი და პეკინი კიევისა და გაეროს გარეშე

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
რუსეთი მიიღებს უზარმაზარ პერსპექტივას ექსპორტისთვის და მთლიანად ჩაუნაცვლებს ჩინეთს უკრაინულ მარცვლეულს, ხოლო ორ ქვეყანას შორის ამბიციურმა შეთანხმებებმა შეიძლება მსოფლიო სურსათის ბაზრის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, წერს რუსი მიმომხილველი ვადიმ პავლოვი.
კერძოდ, ის ამბობს:
რუსულმა მწარმოებელ-ექსპორტიორმა კომპანიამ EPT და ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციამ China Chengtong International, Ltd გასულ კვირაში პეკინში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ფარგლებში გენერალური კონტრაქტი გააფორმეს მარცვლეულის მიწოდებაზე.
შეთანხმების ფარგლებში 12 წლის განმავლობაში ჩინეთს ურალში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში წარმოებული 70 მილიონი ტონა მარცვლეული, პარკოსნები და ზეთოვანი კულტურები მიეწოდება. კონტრაქტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 2,5 ტრილიონი რუბლია (26,52 მილიარდი დოლარი).
ინიციატივა NSGC-ს ლიდერის კარენ ოვსეპიანის თქმით, ახალი შეთანხმება „ბაიკალის მარცვლეულის ტერმინალს“ მისცემს შესაძლებლობას, რუსული მარცვლეულის ექსპორტი ჩინეთში 8 მილიონ ტონამდე, ხოლო მომავალში, ახალი ინფრასტრუქტურის აგების შემდეგ 16 მილიონ ტონამდე გაზარდოს.

რუსეთი-ჩინეთის მარცვლეულის ახალი სახმელეთო დერეფანი

ახალი დერეფნის შექმნის პროექტი 2011 წლიდან ხორციელდება, როგორც ევრაზიული კავშირისა და აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის დამაკავშირებელი კონცეფციის ნაწილი.
CNGC ინიციატივის ფარგლებში მარცვლეული კულტურების ექსპორტი ეფუძნება სამ მიმართულებას: ჩინეთი, ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი. ამ რეგიონებში ციმბირიდან სოიოს, რაფსის, ქერის, სელის, ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და შვრიის ექსპორტი იგეგმება.
მარცვლეულის შენახვისთვის, რომელიც შემდგომ ექსპორტზე გავა, იქმნება 7 ხაზისგან შემდგარი ელევატორული ქსელი ურალის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებზე.
მარცვლეულის გადაზიდვა ზაბაიკალსკის მსოფლიოში პირველი სრული ციკლის მარცვლეულის სარკინიგზო ტერმინალით იგეგმება. მისი მეშვეობით ციმბირული მარცვლეულის ექსპორტი, ტერმინალის ოპერატორი კომპანიის განცხადებით, 35%-ით უფრო იაფი ჯდება მცირე სატრანსპორტო მანძილის გამო.
ღია წყაროების თანახმად, ციმბირული მარცვლეულის ჩინეთში ტრანსპორტირების დრო ახლა რამდენიმე თვიდან რამდენიმე კვირამდე შემცირდება.
ზაბაიკალსკში მოგვარებულია სარკინიგზო ლიანდაგების პრობლემა — ტერმინალი 1520 მმ-იან (გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში) და 1435 მმ-იან (გამოიყენება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში) ლიანდაგებთან გამჭოლი მიერთების ტექნოლოგიას იყენებს. ეს აქტუალურია, რადგან ბორბლების შეცვლას დიდი დრო სჭირდება, რისთვისაც მატარებელი ჩერდება.
ამ ზაფხულს ტერმინალზე ჩინეთში რეგულარული გადატვირთები დაიწყო.
როგორც კარენ ოვსეპიანმა ТАСС-ს განუცხადა, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში რუსეთისა და ჩინეთის მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე დაგეგმილია სახელმწიფოთშორისი შეთანხმების ხელმოწერა „ახალი სახმელეთო მარცვლეულის დერეფნის" შესახებ, რაც სახმელეთო მარცვლეულის ინიციატივის სრულფასოვან ამოქმედებას აღნიშნავს. მისი თქმით, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს მარცვლეულის წარმოების ზრდას შორეული აღმოსავლეთის, ურალისა და ციმბირის ფედერალურ ოლქებში, ასევე გაზრდის მის ექსპორტს ჩინურ ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, მიმდინარე წლის სექტემბერში აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში NSGC-მა და China Chengtong International Investment-მა გააფორმეს შეთანხმება ლოჯისტიკური ჰაბის – „ნიჟნელენინსკოე-ტონჯიანგის მარცვლეულის ჰაბის“ შექმნის შესახებ. ახალი ცენტრის პროდუქტიულობა პირველ ხუთ წელიწადში 400 ათასი TEU იქნება წელიწადში.
გარდა ამისა, პროექტის „ახალი სახმელეთო მარცვლეულის დერეფანი რუსეთი-ჩინეთი“ ფარგლებში შეიქმნება პირველი რუსული „სახმელეთო ფლოტი“ (22 ათასი კონტეინერი), რომელიც 600 ათას ტონამდე მარცვლეულის გადაზიდვას შეძლებს ორივე მიმართულებით. შესაბამის კონტრაქტს ასევე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერა ხელი.
საკუთარი დიდი პარკის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს (ან მთლიანად აღმოფხვრის) რუსეთის დამოკიდებულებას უცხოურ კომპანიებზე და საზღვაო მარცვლეულის ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების განმეორების ალბათობას.
რუსულმა კომპანია EPT-მ ასევე გააფორმა ორი კონტრაქტი ჩინეთისთვის მარცვლეულის, პარკოსნებისა და ზეთოვანი კულტურების წარმოება-მიწოდებაზე 2032 წლამდე — ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობით.

პრობლემები პერსპექტივებით იცვლება

რუსული მარცვლეულის ექსპორტი ჩინეთში მრავალი წელია პრობლემებს ეჯახება, რის შედეგადაც ის კვლავაც დაბალ დონეზეა.
რუსეთიდან (მაშინ სსრკ) ხორბლის მიწოდების პირველი აკრძალვა ჯერ კიდევ 1976 წელს შემოიღეს. 1997 წელს კი დაადასტურეს. მიზეზი — რუსული ხორბლის სოკოვანი დაავადებაა.
მოლაპარაკებები შეზღუდვების მოხსნაზე 2006 წელს დაიწყო. პეკინმა მხოლოდ 2015 წელს დაუშვა ხორბლის მიწოდება დასავლეთ ციმბირის ოთხი რეგიონიდან (ნოვოსიბირსკის და ომსკის ოლქები, კრასნოიარსკის და ალტაის ტერიტორიები); 2018 წელს — რუსეთის კიდევ სამი რეგიონიდან (ჩელიაბინსკის, ამურის და კურგანის რეგიონები); 2022 წლის 24 თებერვლიდან კი ჩინეთმა საბოლოოდ დაუშვა მთელი რუსული ხორბლის იმპორტი.
ჩინეთში მსგავსი ვითარებაა რუსული მარცვლეულის სხვა სახეობებთან მიმართებაშიც. მხოლოდ გასულ წელს ჩინეთმა საგაზაფხულო ხორბლისა და ქერის მიწოდება დაამტკიცა, წელს კი — ბარდისა და ფეტვისა. ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ჩინეთის ბაზარზე რუსეთის ყველა რეგიონის სიმინდი და ბრინჯი შევიდეს (შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წლის ბოლომდეა მოსალოდნელი).
ასევე იგეგმება შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ყველა რეგიონის რაფსის თესლზე (დაგეგმილია ამ წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისისთვის) და რიგ სხვა მარცვლეულზე.
შეზღუდვების მოხსნა ხელს უწყობს რუსული ექსპორტის სწრაფ ზრდას. წელს რუსეთი კვლავ აჩვენებს მარცვლეულის რეკორდულ მოცულობებს ჩინეთში, რომელიც, 2014 წელთან შედარებით, 27-ჯერ გაიზარდა.
როგორც მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ედუარდ ზერნინმა აღნიშნა შანხაიში რუსულ-ჩინურ ბიზნეს-ფორუმზე, რუსეთი მზად არის ხორბლის, ქერისა და სიმინდის ფართომასშტაბიანი მიწოდებისთვის რუსეთის სამხრეთ პორტების გავლით — წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ტონა.
მარცვლეულის ახალი სახმელეთო დერეფნის გახსნა კი, ცხადია, რომ მიწოდების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„როსსელხოზნადზორის“ მონაცემებით, ჩინეთი მარცვლეულის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია მსოფლიოში — შესაბამისად, წელიწადში 450 მილიონ ტონაზე მეტი და დაახლოებით 40 მილიონი ტონა. ამავდროულად, ამაში რუსეთის წილი ძალიან მცირეა, ხოლო რუსული მარცვლეულის ჩინეთში ექსპორტის არარეალიზებული პოტენციალი — უზარმაზარი.
მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ციმბირის მარცვლეულის ექსპორტი ჩინეთში კვლავ შეზღუდულია ლოგისტიკური პრობლემებით. იმის გამო, რომ მარცვლეული მეზობელ ჩინეთს ზღვით მიეწოდებოდა (პორტები კი შორსაა), რუსეთს არანაირი უპირატესობა არ გააჩნდა კანადელ, აშშ-ის და ავსტრალიელ მომწოდებლებთან შედარებით.
პირიქით, სხვა კონტინენტებზე მდებარე ქვეყნებისთვის სატრანსპორტო მანძილი კიდევ უფრო მოკლე იყო, რის გამოც ჩინეთის მეზობელი რუსეთი ხშირად მარცხდებოდა თავისი პროდუქციის ესოდენ დიდი ბაზრისთვის კონკურენციაში.
ზაბაიკალსკის გავლით სარკინიგზო დერეფნის განვითარებამ კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ სიტუაციაზე.
შეგახსენებთ, რომ ვითარდება არა მხოლოდ „სახმელეთო“ ინფრასტრუქტურა, მაგალითად, პრიმორიეში სატრანსპორტო ჯგუფი FESCO საზღვაო გადაზიდვების კომპლექსს აშენებს მარცვლეულის ექვსი საცავით, ხოლო სოფელ ზარეჩნოეში (ამურის რაიონი) სპეციალიზებული კომპლექსი შენდება სიმინდის გასაშრობად და შესანახად. იქვე, ამურის რეგიონში გასულ წელს ტრანსსასაზღვრო ხიდ ბლაგოვეშჩენსკი-ჰეიჰეზე მოძრაობა გაიხსნა, რამაც ასევე შეიძლება დადებითად იმოქმედოს ჩინეთში რუსული მარცვლეულის ექსპორტის ზრდაზე.
ამრიგად, პეკინში დადებულ ხელშეკრულებას შეუძლია ციმბირის მარცვლეულის მწარმოებლები გრძელვადიანი „ჩიხიდან“ გამოიყვანოს ლოგისტიკის გაუმჯობესებითა და ციმბირში მოყვანილი პროდუქციის ჩინეთში გაყიდვაზე შეთანხმების მიღებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ახალი შეთანხმების პოლიტიკური კომპონენტიც.
იმ დროს, როდესაც დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებას და ზეწოლას ახორციელებს რუსეთის მეგობარ ქვეყნებზე „სანქციების გვერდის ავლისთვის“, აწესებს საფასო ლიმიტს და მოსკოვს უამრავი რესტრიქციით ზღუდავს, უდიდეს ჩინურ ფორუმზე, რომელშიც რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები მონაწილეობდნენ, ორ ქვეყანას შორის მარცვლეულის უმსხვილესი ხელშეკრულება იდება.

ეკონომიკური გარღვევა

„სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ ნამდვილად შევცვლით უკრაინული ექსპორტის დაკარგულ მოცულობებს ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხარჯზე“, — ხაზგასმით აღნიშნა კარენ ოვსეპიანმა.

„მარცვლეულის გარიგებიდან" თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჩინეთი უკრაინული მარცვლეულის მთავარი მყიდველი გახდა. 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 17 ივლისამდე პერიოდში ჩინეთმა 8 მილიონი ტონა მარცვლეული შეისყიდა — ზუსტად იმდენივე, რამდენითაც რუსული მარცვლეულის ექსპორტის გაზრდა იგეგმება „ბაიკალის მარცვლეულის ტერმინალით“.
იმ ფონზე, როდესაც ჩინეთმა რუსულ მარცვლეულზე შეზღუდვები გააუქმა და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ბევრ სასოფლო-სამეურნეო პროექტს, ახალი მარცვლეულის ინიციატივა ხსნის ფანჯარას ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის ციმბირის სოფლის მეურნეობაში.
ექსპორტის ზრდის პერსპექტივების გათვალისწინებით, საუბარი შესაძლოა იყოს ჩინური ინვესტიციების ზრდაზე ახალი ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნაში.
ეს საინტერესო იქნებოდა როგორც რუსეთისთვის, რომელიც მიიღებს ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ექსპორტის ზრდასა და დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების ზრდას, ასევე ჩინეთისთვის, რომელიც ისარგებლებს დამატებითი შემოსავლით და ხარისხიანი პროდუქტის სწრაფი მიწოდებით შემცირებული ფასით.
უხეში შეფასებით, პეკინში დადებული ხელშეკრულებით მიწოდების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს დაახლოებით 5-6 მილიონ ტონას წელიწადში (რუსული მარცვლეულის ამჟამინდელი ექსპორტის დაახლოებით 10-15%). სავარაუდოა, რომ მომავალში მოცულობა კიდევ გაიზრდება.
ჩინეთში მიწოდების გაზრდის მიზნით ციმბირელ მწარმოებლებს სჭირდებათ გარკვეული გარანტია, რომ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტები ჩინეთის ბაზარზე გაიყიდება.
და ასეთი გარანტია შეიძლება იყოს სახელმწიფოთშორისი შეთანხმების ხელმოწერა „ახალი სახმელეთო მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ, რაც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხდება რუსეთისა და ჩინეთის მთავრობათა მეთაურების შეხვედრის დროს, ასევე გასულ კვირაში პეკინში ხელმოწერილი კონტრაქტი ციმბირიდან 70 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდებაზე 12 წლის ვადით.
ციმბირელი მეწარმეები მეტი ინვესტიციის განხორციელებასა და საკუთარი წარმოების ზრდას შეძლებენ პროდუქციის გაყიდვაზე ფიქრის გარეშე. ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ციმბირის მარცვლეულით იქნება „გატენილი“. რუსეთი გაზრდის წარმოებისა და ექსპორტის მოცულობას (შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლებს), ჩინეთი კი ადვილად ჩაანაცვლებს უკრაინული მარცვლეულის დაკარგულ მოცულობებს და უზრუნველყოფს საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების გაზრდას.
თავად ჩინეთი, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების ფარგლებში მარცვლეულის იმპორტს მხოლოდ კვების პროდუქტის სახით კი არ შეძლებს, არამედ ნედლეულის სახითაც მისი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის. შემდეგ კი წარმოებული პროდუქციის ექსპორტს შეძლებს მრავალპოლარული სამყაროს სხვა ქვეყნებში.
გარდა ამისა, „მარცვლეულის ახალი სახმელეთო დერეფნის“ კიდევ ერთი პოტენციური უპირატესობა რუსეთისთვის არის ერთგვარი „ჩინური არხის“ შექმნა, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი მარშრუტი მიიღოს აზიის ქვეყნების ბაზრებზე.
ეს მოსკოვს საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს გაუიოლებს, რომელიც რუსეთზე დასავლეთის უპრეცედენტო სანქციებით ზეწოლის დაწყების შემდეგ მთელი რიგი პრობლემების წინაშე დადგა.
გარდა ამისა, რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდებების ზრდის წყალობით ჩინეთს შეუძლია შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს სურსათის მსოფლიო ფასების სტაბილიზაციასა და ბალანსის შენარჩუნებას მიწოდებასა და მოთხოვნას შორის.
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ამ არხის საშუალებით პროდუქცია (და გადამუშავებული პროდუქტები) შეიძლება უფრო შორს — აზიის სხვა ქვეყნებშიც წავიდეს, რუსეთის და ჩინეთის ახალმა გარიგებამ, თეორიულად, შეიძლება სურსათის მსოფლიო ბაზარზეც მოახდინოს კეთილისმყოფელი გავლენა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0