რეზერვისტებს შიდა ქართლშიც მოამზადებენ

© Ministry of Defence of Georgiaრეზერვისტებმა თელავში ფიცი დადეს
რეზერვისტებმა თელავში ფიცი დადეს - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2023
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სარეზერვო სამსახურის გავლა შიდა ქართლის რეგიონშიც იქნება შესაძლებელი, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავდაცვის უწყების ცნობით, ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა, რომელიც მთლიანად რეზერვისტების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება.
„203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი მერვე ბატალიონია, რომელიც რეზერვისტებს მოამზადებს. ბატალიონები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით არის შერჩეული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე.
რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური და სხვა წარმომადგენლები გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის კონტრაქტის, რეგისტრაციისა და მიღების პროცედურების, პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
ყველა ახალი ამბავი
0