ძილის ნორმა სქესის მიხედვით: რატომ უნდა ეძინოს ქალს მამაკაცზე მეტი

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქალები და მამაკაცები განსხვავებულად განიცდიან არასაკმარისი ძილისა და დასვენების შედეგებს, წერს Medical Daily მეცნიერულ კვლევაზე დაყრდნობით.
სწავლულთა თქმით, არასაკმარისი ძილი ქალებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს ფიზიკურადაც და გონებრივადაც, ვიდრე მამაკაცებზე.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალები უფრო დეპრესიული, უფრო გაბრაზებული და უფრო მტრულად განწყობილი იყვნენ დილით, როცა ძილი აკლდებოდათ“, — აღნიშნავს ძილის ექსპერტი მაიკლ ბრეუსი, რომელიც ხელმძღვანელობდა კიდეც შესაბამის კვლევას.

მისი თქმით, ძილის მოთხოვნილებებში განსხვავება ბიოლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული. მეცნიერების თქმით, ქალის ტვინში ნერვული კავშირების სტრუქტურა უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცისაში.
ამათან ქალები ბუნებრივად უფრო მრავალფუნქციური და მოქნილები არიან, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. ამ თვისებებიდან გამომდინარე, ქალებს მეტი დასვენება სჭირდებათ, რადგან მათი ტვინი ენერგიას უფრო აქტიურად იყენებს და უფრო სწრაფად იფიტება, ვიდრე მამაკაცის ტვინი.

რამდენი უნდა ეძინოს მამაკაცს

როგორც წესი, ზრდასრული მამაკაცისთვის ნორმა დღე-ღამეში 8-საათიანი მშვიდი და უწყვეტი ძილია. თუმცა ყველაფერი მაინც ორგანიზმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ზოგისთვის შესაძლოა 6-7 საათიც საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სრულად დაისვენოს და თავი მხნედ იგრძნოს.
თუ მამაკაცს რეგულარულად სძინავს 6 საათზე ნაკლები, ამან შეიძლება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, მაღალი წნევა, წონის მატება და იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუუარესდება ფსიქიკური ჯანმრთელობა და შესაძლოა დეპრესიაც კი დაეწყოს.

რამდენი ძილი სჭირდება ქალს?

გამომდინარე იქიდან, რომ ქალის ტვინი დღის განმავლობაში უფრო ინტენსიურად მუშაობს, ძილისთვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება — სულ ცოტა, ნახევარი საათით მეტი მაინც, ვიდრე მამაკაცს.
ძილის ნაკლებობის შემთხვევაში ქალი ხდება ნერვიული, იოლად ღიზიანდება, იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დეპრესიების რისკი.

საუკეთესო დრო ძილისთვის

განურჩევლად სქესისა, ძილისთვის ყველაზე კარგ პერიოდად ღამის 10 საათიდან დილის 6-7 საათამდე მონაკვეთი მიიჩნევა.
სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ღამის 1 საათიდან 3 საათამდე პერიოდში ორგანიზმი გამოყოფს აუცილებელ ჰორმონებს, რომლებიც ტვინს „გადატვირთავს“ და ხელს უწყობს ყველა ორგანოსა და სისტემის აღდგენას.
საუბარია სომატროპინზე, რომელიც ორგანიზმის აღდგენაზეა პასუხისმგებელი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესის შემდეგ.
ღამით ჩვენი ტვინი ასევე გამოიმუშავებს სეროტონინს, რომლის მაქსიმალური კონცენტრაცია დილის 6-8 საათზე ფიქსირდება.
ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ადამიანებს, რომლებიც 22:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში იძინებენ, ბევრად ნაკლებად ემუქრებათ გულის დაავადების საშიშროება, ვიდრე მათ, ვინც უფრო ადრე ან უფრო გვიან იძინებს.

ძილის ნორმა ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის

აშშ-ის ძილის ეროვნული ასოციაციის ექსპერტებმა ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა დაადგინეს ადამიანის ასაკის მიხედვით:
დაბადებიდან 3 თვემდე – 14-17 საათი;
4 თვიდან 11 თვემდე — 12-15 საათი;
1 წლიდან 2 წლამდე — 11-14 საათი;
3 წლიდან 5 წლამდე — 10-13 საათი;
6-დან 13 წლამდე — 9-12 საათი;
14-დან 17 წლამდე — 8-10 საათი;
18-დან 65 წლამდე — 7-9 საათი.
ამ უკანასკნელი ასაკობრივი კატეგორიის შემთხვევაში, გამომდინარე სქესიდან და ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან, ძილის დრო შეიძლება 6-დან 10 საათამდე მერყეობდეს. ასეთი აცდენა ნორმად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0