შალვა პაპუაშვილი: საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად და დეტალურად განიხილავს ყველა რეკომენდაციას ამ თემაზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ევროკომისიის მიერ შედგენილ ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო მთლიანობაში აგრძელებს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობების შესრულებას, მაგრამ აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა.
ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებთან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგას. ჩვენ განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას მიმართულებების მიხედვით. თუ არის რაიმე საკითხი, რომელიც დასახვეწია, ჩვენ გავაუმჯობესებთ", – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერმა ასევე განმარტა საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის მიზეზები.
„რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ ვხდებით გლობალური სამყაროს ნაწილი თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით, გარკვეულ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობით, სწავლის შესაძლებლობით. ეს არის თანმდევი პროცესი ამ ყველაფრის", – განაცხადა პაპუაშვილმა.
რას ურჩევს ევროკომისია საქართველოს?
ევროკომისია მიიჩნევს, რომ ზოგიერთი საკითხი შემდგომ გადაჭრას საჭიროებს. კერძოდ, ევროკომისიის რეკომენდაციაა „საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კერძოდ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ".
ევროკომისიის მეორე რეკომენდაციაა წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არალეგალური ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება.
ევროკომისიის ანგარიში: საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს ასრულებს, თუმცა..>>>
ევროკომისიის რეკომენდაციაა ასევე, რომ საქართველო ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის" ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება.
დააფუძნოს „აქტივების დაბრუნების ოფისი", ასევე „აქტივების მენეჯმენტის ოფისი" და გაააქტიუროს აქტივების დაბრუნების ძალისხმევა აქტივების მონიტორინგით, გაყინვით, მენეჯმენტით, კონფისკაციითა და განადგურებით.
რეკომენდაციებს შორისაა ასევე - ქვეყანამ მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი იმპლემენტაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ საქმეების გამოძიებას, სამართლებრივ დევნასა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაღალი დონის კორუფციას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0