ვარკეთილში მდებარე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ვარკეთილი"
მეტროს სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტისთვის 20 მლნ ლარი გამოიყო.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის ადგილზე აშენებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსში ბინებს 29 ოჯახი მიიღებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.
პროგრამის ფარგლებში სამსართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

„ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტს დროებით ქირით ჰყავს გაყვანილი, დაბრუნდებიან გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ავარიული კორპუსის დემონტაჟი დასრულებულია, შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია პერიმეტრის შემოღობვა და კორპუსის საძირკველის მოწყობის სამუშაოები.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
თბილისის მერია ამ ეტაპზე 40 ავარიული შენობის ჩანაცვლების საკითხზე მუშაობს და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უწყების ცნობით, 2023 წელს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაზე 20 მლნ ლარი გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0