რა შემთხვევაში შეუჩერდებათ შრომისუნარიან პირებს სოციალური დახმარება?

© photo: Sputnik / Stringerმეეზოვე
მეეზოვე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობაზე უარს აცხადებენ, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
სახელმწიფომ შესაბამის მექანიზმზე მუშაობა უკვე დაიწყო. კაკაურიძის თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს.

„შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში გვაქვს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. სწორედ ეს არის ამ პროგრამის პირველი ეტაპი. აღნიშნულმა პროგრამამ მინიმუმ 2-3 წელი უნდა იმუშაოს, შემდეგ კი უნდა დავიწყოთ კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება", – განაცხადა კაკაურიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

მისი თქმით, კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოსახლეობა.
„ჩვენი მიდგომა იქნება ისეთი, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად მაქსიმალურად დასაქმდნენ და სოციალურად დაუცველის სტატუსის ნაცვლად, საკუთარ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
დასაქმების პროგრამა
სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
სამუშაო სოციალურად დაუცველებისთვის: რამდენი ადამიანი დასაქმდა>>>
ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია 655,7 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,6%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 2022 წლის 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0