იმპიჩმენტის განხილვა პარლამენტში დიპკორპუსის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
ეს იქნება ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა საქართველოს ისტორიაში.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები სხდომაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. ეს იქნება ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. პარლამენტში შესვლა ვიზიტორებისთვის შეზღუდული იქნება, თუმცა მასმედიის წარმომადგენლებისთვის შესვლა თავისუფალია.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები", – წერია განცხადებაში.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.
იმპიჩმენტის საბაბი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში პრეზიდენტის მიერ უცხოური ვიზიტების განხორციელების დროს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.
იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალასთან“ ერთად პარლამენტში ჯამში 84 ხმა აქვს.
საპროტესტო აქციების ჩატარების წესების გამკაცრება: პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო >>
პრეზიდენტი ჩაითვლება გადაყენებულად, თუ დადგენილებას მხარს მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს.
დღეისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად განაცხადა მხოლოდ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელი სოციალისტები“.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ჯგუფები: „ლელო საქართველოსთვის“, „ევროოპტიმისტები“, „საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფი“. ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას.
პრეზიდენტი იმპიჩმენტის საკითხზე დღევანდელ სხდომას დაესწრება. ის უკვე მივიდა პარლამენტში. მანამდე მან მოუწოდა ოპოზიციას, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.
იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის პროცედურა იქნება ფარული – დეპუტატების ვინაობა, რომლებიც ზურაბიშვილის გადაყენებას მისცემენ ხმას, კენჭისყრის შემდეგ უცნობი დარჩება.
კენჭისყრის პროცედურამდე დეპუტატებს გააცნობენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილების პროექტს, რის შემდეგაც პოლიტიკურ ჯგუფებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემათ.
ყველა ახალი ამბავი
0