მტრების მცდელობების მიუხედავად მაქსიმუმი გავაკეთეთ - პრემიერი კანდიდატის სტატუსზე

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiyევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლოსთვის ელოდება.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ, გარე თუ შიდა მტრების ხელშემშლელი მცდელობების მიუხედავად, მაქსიმუმი გაკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„ვფიქრობ, რომ საქართველომ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, და მიუხედავად დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან და სხვა შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ, შეიძლება ითქვას, გავედით ბოლოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მას ელოდება ვიზიტი ბრიუსელში, სადაც საქართველოსთვის კანდიტატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
„მე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, მივდივარ ბრიუსელში ძალიან მალე და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ კომისიის შესაბამის სტრუქტურებთან“, – განაცხადა პრემიერმა.
ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, სხვა გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება.
ღარიბაშვილმა ასევე მიუღებელი უწოდა 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. მაშინ სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე, როგორც შარშან ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, გაუმართლებელი და, უფრო მეტიც, იყო უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან იმ დროს, მაგრამ მე აღარ მინდა წარსულზე გავაკეთო კომენტარები, უნდა ვიფიქროთ მომავალზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0