მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუცია არ მიიღო

  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის ჰუმანიტარული რეზოლუცია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა.
მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და შეერთებული შტატები. ამ უკანასკნელმა დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი იმით ახსნა, რომ მასში „ჰამასის“ ქმედებები დაგმობილი არ იყო.

„უშიშროების საბჭოსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, გადაჭრას ჰუმანიტარული კრიზისი, ცალსახად დაგმოს „ჰამასი“ და დაადასტუროს ისრაელის თავდაცვის უფლება. <...> სამწუხაროდ, რუსეთის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია არ აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა.

რაც შეეხება მხარდამჭერებს, მათ შორის იყვნენ: საკუთრივ რუსეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაბონი და მოზამბიკი. თავი შეიკავეს: ალბანეთმა, ბრაზილიამ, განამ, მალტამ, შვეიცარიამ და ეკვადორმა.
როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, „უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გახდა დასავლური დელეგაციების ბლოკის ეგოისტური მისწრაფებების მძევალი“.

„ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც [გაეროს უშიშროების საბჭომ] ვერ შეძლო დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო, ძლიერი კოლექტიური სიგნალის გაგზავნა. არადა, საუბარია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალადობის ყველაზე დიდ აფეთქებაზე ახლო აღმოსავლეთში“, — განაცხადა ნებენზიამ.

მისი აზრით, კენჭისყრამ აჩვენა, ვინ არის ზავის, ღაზის სექტორის „განურჩეველი დაბომბვის დასრულებისა და ანკლავის მოსახლეობისთვის უპირობო ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მომხრე, და ვინ განაგრძობს საბჭოს ერთიანი სიგნალის ჯიუტად ბლოკირებას თავისი ანგარებიანი პოლიტიკური მიზნებით“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის რეზოლუციის პროექტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობისა და საომარი მოქმედებების, ასევე ტერორიზმის ყველა აქტის“ დაგმობისკენ მოუწოდებდა მხარეებს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
არსებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი.
რაც შეეხება ისრაელს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1,4 ათასზე მეტი და დაშავდა 4,1 ათასი კაცი.
ყველა ახალი ამბავი
0