„საბავშვო ევროვიზია 2023“: ცნობილი გახდა რა სიმღერით წარდგება კონკურსზე საქართველო

© photo: Sputnik / Stringer„საბავშვო ევროვიზია"
„საბავშვო ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2023“ საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე შეასრულებს კომპოზიციას Over The Sky ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად.
სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ, 15 ოქტომბერს გაიმართა.
„საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჩატარდება – ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით.
კლიპის გადაღებები, რომელზეც რეჟისორი ზაზა ორაშვილი მუშაობდა, სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა – საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში, საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ზამთრის ბაღში და კოსმოსური კვლევების ცენტრში.
კომპოზიციის ავტორები არიან კომპოზიტორები და პროდიუსერები მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი („ბეთხო"). საინტერესოა, რომ სიმღერა ქართული მრავალხმიანობის ელემენტებსაც შეიცავს, რის წყალობითაც ადვილი მისახვედრია, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენს კონკურსანტი.
სიმღერის მთავარი გზავნილია – გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მიეცი საკუთარ თავს საშუალება იმოგზაურო ოცნებებში და გახსოვდეს, რომ გმირი უნდა ეძებო საკუთარ თავში და არა სხვებში.
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად „ევროვიზიაზე" გამარჯვებული მიემგზავრება, წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ანასტასიასთან ერთად კონკურსზე პროექტ „რანინას“ კიდევ ორი მონაწილე – ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი გაემგზავრებიან.
11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0