რუსეთის საგარეო უწყება: რატიფიკაციის გაუქმება ბირთვული გამოცდების განახლებას არ ნიშნავს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთი ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების (CTBT) რატიფიკაციის გაუქმების შემთხვევაში ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმის დაცვას განაგრძობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და შეიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმირ ერმაკოვმა.
მისი თქმით, რატიფიკაციის გაუქმება არ ნიშნავს, რომ რუსეთს ბირთვული გამოცდების განახლება აქვს განზრახული.

„შესაბამისი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რუსეთი რჩება ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოდ, აქედან გამომდინარე ყველა უფლება-მოვალეობით. ჩვენი ქვეყანა ასევე განაგრძობს მორატორიუმის დაცვას ბირთვულ გამოცდებზე, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელსაა შემოღებული რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით“, − აღნიშნა ერმაკოვმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია სარკისებური პასუხი გასცეს შეერთებულ შტატებს, ხოლო სახელმწიფო დუმას CTBT-ის რატიფიკაციის გაუქმება შეუძლია. დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის წინადადებით, სათათბიროს საბჭომ საერთაშორისო საქმეთა კომიტეტს დაავალა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ დეპარტამენტებთან ერთად დაიწყოს მუშაობა CTBT-ის რატიფიკაციის გაუქმების საკითხზე.
არსებული ცნობით, კომიტეტმა უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი შეთანხმების (CTBT) რატიფიკაციას გააუქმებს. დოკუმენტის განხილვა 17 ოქტომბერს იგეგმება.
ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმება (CTBT) – 1996 წელს მიიღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 50-ე სესიაზე. ამ დროისათვის მასზე ხელი 183 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, რატიფიკაცია 164-შია ჩატარებული. რუსეთმა ხელშეკრულების რატიფიკაცია 2000 წელს მოახდინა. ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთსა და ისრაელს ეს პროცედურა აქამდე არ ჩაუტარებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0