თანხის მითვისება „თიბისის“ ტერმინალით: ბრალდებული დაკავებულია

© photo: Sputnik / Stringer TBC bank
 TBC bank - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2023
გამოწერა
დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის მუხლით წარუდგინეს ბრალი პირს, რომელმაც „თიბისი ბანკიდან“ თანხა მოტყუებით გამოიტანა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილ საწარმოს სარგებლობაში მიღებული ჰქონდა პოს-ტერმინალი, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.
ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა „თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს-ტერმინალში, რის შედეგადაც „თიბისი ბანკს“ მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90.700 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
გამოძიების მონაცემებით, ვინაიდან კომპანიის მხრიდან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების ანაზღაურება პლასტიკური ბარათების გამცემი უცხოური საბანკო დაწესებულებების მიერ აღარ განხორციელდა, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0