ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerსვეტიცხოვლობა
სვეტიცხოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2023
გამოწერა
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
ტრადიციულად დღესასწაული ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში იმართება, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდან იკრიბებიან. დილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
მცხეთის ცენტრი თანდათან ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.
სტუმრებისა და მცხეთელებისთვის გაიმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებები, საქართველოს რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრობა-გაყიდვა, საკარნავალო მსვლელობა, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ დაჯილდოება და მრავალი სხვა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება.
სვეტიცხოველი
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
IV საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.
V საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0