თუ კისერი გაგიშეშდათ: სახიფათო სიმპტომები და მოქცევის წესები
15:00 13.10.2023 (განახლებულია: 19:14 13.10.2023)
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. სიცივის ზემოქმედება ხშირად იწვევს კისრის გაშეშებას, რასაც სამედიცინო ენაზე მიოზიტის გამოვლინება, ანუ ანთებით გამოწვეული კუნთების ტკივილი ჰქვია.
კისრის კუნთების გაშეშებას რამდენიმე მიზეზი აქვს. აქედან ყველაზე ხშირია გაცივება, ზედმეტად დაძაბვა ან უხერხული მოძრაობა. მაგალითად, როდესაც ადამიანი გამჭოლ ქარშია, დიდხანს ზის თავდახრილი (ვთქვათ, კომპიუტერთან) ან ძალიან მკვეთრად ატრიალებს თავს. ასეთ შემთხვევებში თავს იჩენს ტკივილი კისრის არეში, ხშირად იმდენად ძლიერი, რომ ადამიანს თავის ოდნავ შებრუნებაც კი არ შეუძლია.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
კისრის ტკივილი იშვიათად არის სახიფათო და უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე დღეში თავისით ქრება. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ისეთი მდგომარეობაც შეიქმნას, რომელიც საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი.
სპეციალისტების თქმით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
კისრის ტკივილი ძლიერი დაცემის ან უბედური შემთხვევის შემდეგ დაგეწყოთ. ეს შეიძლება ხერხემლის სერიოზულ დაზიანებაზე მიუთითებდეს.
კისერი „გაგიხევდათ“ − ვერც წინ ხრით თავს და ვერც უკან. ასეთი მდგომარეობა მენინგიტის დამახასიათებელი სიმპტომია.
კისრის ტკივილის გარდა გეუფლებათ გულისრევის შეგრძნება, გეწყებათ პირღებინება, თავბრუსხვევა, სინათლე თვალს გჭრით.
კისერი მაშინაც გტკივათ, თუ თავს არ ამოძრავებთ.
ვერ გრძნობთ, რომ კუჭში გასვლა და მოშარდვა გინდათ და ამიტომ ეს პროცესები მოულოდნელად ხდება.
ფეხებში მკვეთრ ტკივილს გრძნობთ.
თითის წვერებში მუდმივ ჩხვლეტას გრძნობთ, ან ხელების მოძრაობა გიჭირთ.
ტკივილი რამდენიმე კვირა გრძელდება და ამის პარალელურად წონაში უმიზეზოდ კლებას იწყებთ.
გადიდებული ლიმფური კვანძები რამდენიმე კვირის განმავლობაში არ პატარავდება.
კისრის მოძრაობის შეზღუდვას თან ახლავს ცხელება − სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია.
ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ღამე არ გაძინებთ.
თუ ასეთი სიმპტომები არ გაქვთ, მხოლოდ თავის შეტრიალება გიჭირთ და დისკომფორტს გიქმნით, მაშინ არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არ გჭირდებათ. უბრალოდ ეცადეთ უფრო მეტად ამოძრავოთ კისერი (ოღონდ ფრთხილად), რათა კუნთები მალე გაიხსნას და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
და, კიდევ, შეგიძლიათ კისერზე ცივი ან თბილი კომპრესები დაიდოთ. სითბო დაძაბულ კუნთებს მოადუნებს, სიცივე კი ანთებასა და შესიებას ჩააცხრობს.
ამასთან, ექიმების თქმით, მკაფიო რეკომენდაციები იმის შესახებ, რომელი კომპრესი უფრო ეფექტურია − ცივი თუ თბილი, არ არსებობს. ამიტომ თავად დააკვირდით, რომელი უფრო უხდება თქვენს მდგომარეობას.
როდესაც კომპრესის სახეობას შეარჩევთ, დაიცავით შემდეგი წესები:
არ დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე − შეფუთეთ ის მიტკლის ნაჭერში და ისე მიიდეთ მტკივან ადგილზე.
არ გაიჩეროთ ყინული კისერზე 20 წუთზე მეტხანს.
არ დაიძინოთ კისერზე კომპრესმიდებულმა − თბილი იქნება ის თუ ცივი.
დაუყოვნებლივ მოიშორეთ კომპრესი, თუ კანმა ფერი შეიცვალა ან დისკომფორტი იგრძენით.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად, „იბუპროფენი“, რომელიც არა მხოლოდ მოგიხსნით ტკივილს, არამედ კუნთებში ლოკალურ ანთებასაც ჩააქრობს.
გაითვალისწინეთ: პრეპარატების მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან, თუ კისრის ტკივილი რესპირატორული ანთების ფონზე დაგეწყოთ და ამიტომ უკვე იღებთ რომელიმე წამალს. საქმე ისაა, რომ მათგან რომელიმეს შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც ჰქონდეს და ამიტომ ჭარბი დოზის რისკი არსებობს.
ასევე შეგიძლიათ წაისვათ კუნთების ტკივილის საწინააღმდეგო მალამოები, რომლებიც აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. ოღონდ კისერზე წასმამდე აუცილებლად მოსინჯეთ მისი მოქმედება ხელის პატარა უბანზე, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე ალერგიული რეაქცია არ გექნებათ.
გაითვალისწინეთ: არასდროს დაიდოთ თბილი ან ცივი კომპრესი მალამოწასმულ კანზე. ამასთან დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ მალამო, თუ ძლიერი წვა და ქავილი დაგეწყოთ, ან კანი შეგიწითლდათ.
