სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
გამოწერა
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ პრეზიდენტისგან ჯილდო საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის მიიღო.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიოს საჭადრაკო ისტორიაში ეპოქის შემქმნელი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქართველი დიდოსტატი დაჯილდოვდა მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში გაიმართა, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

„ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო, ანუ თამარ მეფის ორდენით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილს ახალი მსოფლიო ტურნეს წინ ჭადრაკის სასახლეში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი ერთ-ერთი მუდმივი ნიშანია, რომ სულ რაღაც ახლის დაწყება გიწევთ და ამისათვის ყოველთვის გქონდათ და დღესაც გაქვთ ენერგია და მზადყოფნა. მინდა მოგილოცოთ ეს დღე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, ნონა გაფრინდაშვილი ყველა ასაკისა და, მით უფრო, ახალგაზრდებისთვის უდიდეს მაგალითს წარმოადგენს, მაგალითს იმისას, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უნდა ეძებდე უფრო და უფრო დიდ წარმატებას, მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა წარმოადგინო შენი ქვეყანა გარეთ და შიგნით.
© press-service of the President of Georgiaნონა გაფრინდაშვილი
Нона Гаприндашвили - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
ნონა გაფრინდაშვილი
სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილს მადლობა გადაუხადა ღვაწლისთვის და აღნიშნა, რომ მის ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია.
„თქვენში ჩვენ ყველა ჩვენს თავს ვხედავთ, ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტური, რომელიც ახლა იწყება, სწორედ ამ ნიშნითაცაა გამორჩეული, რომ თქვენ გარეთ გაიტანოთ არა თქვენი თავი (ვიცი რომ, თქვენი თავმდაბლობა ამას ვერ აიტანდა), არამედ საქართველოს ის სახე, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ და რომელსაც ქვეყნის გარედანაც პატივი უნდა სცენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962–1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.
2019 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
წელს ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე იტალიაში მოჭადრაკემ 65 წელზე უფროს მოჭადრაკეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ჭადრაკის ლეგენდა ამჟამად 82 წლისაა.
ყველა ახალი ამბავი
0