ფრთხილად: გრიპი! სიმპტომები, პროფილაქტიკა, მკურნალობა

გამოწერა
გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. სეზონური გრიპი A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში სეზონურ აფეთქებებს იწვევს.
საქართველოში გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, შემოდგომაზე იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ კატეგორიებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
ყველა ახალი ამბავი
0