ვენეციის კომისიამ საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმა შეაფასა

© photo: Sputnik / Andrei Starostinმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით ერთი რეკომენდაცია ბოლომდე შესრულდა, ორი – ნაწილობრივ, კიდევ ორი ​​არ შესრულებულა
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა სასამართლო რეფორმის გატარების კუთხით არასაკმარისია, ხოლო მთელი რიგი რეკომენდაციები არ შესრულებულა.
ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე დაფუძნებული სასამართლო რეფორმა, რომელიც მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა - საკვანძო რეკომენდაციაა, ის ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ჩარჩოსა და პროცედურების ღრმა გადახედვას. ეს არ არის ტექნიკური პრობლემა, რომლის გადაჭრაც არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით იქნებოდა შესაძლებელი ”, – ნათქვამია დასკვნაში.

კომპლექსური რეფორმა გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის პროცედურების გადახედვას, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს, მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, აგრეთვე მისი კონსტიტუციური ფუნქციების შესრულების უნარისადმი, ნათქვამია დოკუმენტში.
კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირეულმა რეფორმამ უნდა გააქარწყლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებული მუდმივი ბრალდებები არაკეთილსინდისიერებაში, რაც საფრთხეს უქმნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
ვენეციის კომისიამ აღნიშნა 2023 წლის მარტის ის რეკომენდაციები, რომლებიც არ შესრულებულა რეფორმის ფარგლებში. აღინიშნა სასამართლო კორპორატივიზმი საქართველოში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი ჰყავს >>
„სასამართლო კორპორატივიზმის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას სხვადასხვა გზით, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცედურის შეცვლით, სასამართლო სისტემაში მათი სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების შეზღუდვით, უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვით, უფლებამოსილებების გადანაწილებით სხვადასხვა ორგანოებს შორის“, - ნათქვამია ანგარიშში.
ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, მსგავსი რეფორმა უნდა განხორციელდეს საფუძვლიანი და ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შემდეგ, იმის აღიარებით, რომ სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა სწრაფად ვერ მოხდება.
თუმცა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ინსტიტუციური რეფორმები პროფესიონალიზმის ამაღლების გრძელვადიანი ძალისხმევის პარალელურად უნდა ტარდებოდეს და არ ცვლიდეს მათ.
ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული ხუთი რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი შესრულდა, ორი არ შესრულდა, სამი კი ნაწილობრივ შესრულდა.
ვნებათაღელვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ - ოპოზიციამ კონსულტაციებზე უარი თქვა >>
კომისიამ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შემცირებისა და მისი რეფორმირების რეკომენდაცია არ შესრულებულა.
„კანონში მცირე თუ ტექნიკური ცვლილებები ამ რეკომენდაციას არ აკმაყოფილებს“, - ნათქვამია მოსაზრებაში.
კომისიამ დადებითად შეაფასა მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის შესახებ რეკომენდაციის შესრულება.
„კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია“, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.
რაც შეეხება რეკომენდაციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვის შესახებ, მოსამართლის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ პრინციპის დარღვევიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიის განცხადებით, ის ნაწილობრივ შესრულდა.
„2023 წლის სექტემბრის ცვლილებების მიღების შემთხვევაში, რეკომენდაციები საკმარისად იქნება გათვალისწინებული“, - ნათქვამია დასკვნაში.
მაგრამ რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო ხასიათის გაძლიერების რეკომენდაციას, კომისიის რჩევაა შემდგომი ცვლილებების შეტანა, რათა ცალსახად იყოს მითითებული, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, ვენეციის კომისიის ცნობით, რეფორმის დროს არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი რეკომენდაციები: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ასაკობრივი კრიტერიუმების გამკაცრება; ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენის პროცედურაში; კანდიდატების ე.წ „გადანაწილების“ პროცედურაში კონკრეტული მოთხოვნების დამატება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება.
ყველა ახალი ამბავი
0