თბილისში საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიტელეგადაცემის გადაღება
ტელეგადაცემის გადაღება - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამართული საკონკურსო კინოპროგრამის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 10-15 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კინოფესტივალი საზეიმოდ დღეს, 19:30 საათზე კინოთეატრ „ამირანში" გაიხსნება ნანა ჯანელიძის სადებიუტო ფილმით „ოჯახი".
ფესტივალს, რომელიც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, უმასპინძლებს მისი ოფიციალური პარტნიორი – კინოთეატრი „ამირანი", სადაც საკონკურსო პროგრამას დიდ ეკრანზე უჩვენებენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება, რადგან 2023 წელი ქართული თეატრისა და კინოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია. კერძოდ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის, ხოლო კინოფაკულტეტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კინოფესტივალში მსოფლიოს 11 ქვეყანა მონაწილეობს, რომელთა შორის არიან: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ესპანეთი და საქართველო.
2023 წლის კინოფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 15 ოქტომბერს „ამირანში" გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხ ნომინაციაში: საუკეთესო სტუდენტური მხატვრული ფილმი; საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი; საუკეთესო სტუდენტური ანიმაციური ფილმი; ფესტივალის გრან-პრი. ასევე გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის რეჟისორის, კინოოპერატორისა და რეჟისორისთვის.
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, უკვე მესამედ ჩატარდება ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი" – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი. ფორუმი დამწყებ კინორეჟისორებსა და პროდიუსერებს პროექტების განვითარებაში, მათ სწორ წარდგენასა და დაფინანსების მოძიებაში უწყობს ხელს.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი" 1980-იან წლებში დაარსდა, თუმცა მალევე შეჩერდა. „ამირანი" 2007 წელს აღდგა და საერთაშორისო სტატუსი დაიმსახურა.
კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0