საქართველო აზერბაიჯანს ტყის მართვის გამოცდილებას გაუზიარებს

© Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia ოთარ შამუგია აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
ოთარ შამუგია აზერბაიჯანის  ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც არაერთი მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება გარემოს დაცვის, მათ შორის ტყის მართვის სფეროში და თავის ცოდნას გაუზიარებს აზერბაიჯანს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
შამუგიამ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ვუგარ კარიმოვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის, მათ შორის, ტყის მართვისა და დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ. კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვართ, აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიაროთ”, – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ქვეყნებს ხანგრძლივი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები კიდევ უფრო გააღრმავებს.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, სამინისტროების დონეზე საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც არაერთი მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს.

„ჩვენი სურვილია ტყის მართვის და საკანონმდებლო ბაზის შექმნის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბიოსფერული რეზერვატების შექმნის/მართვის და სხვა მიმართულებებით საქართველოს გამოცდილება გავიზიაროთ. ჩვენი მხრივ ქართველ კოლეგებს გავუზიარებთ გამოცდილებას გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით“, – განაცხადა კარიმოვმა.

როგორც კარიმოვმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებითაც გაგრძელდეს.
„კავკასიის რეგიონი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მსოფლიოს ათეულში შედის. საქართველო და აზერბაიჯანი კი რეგიონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის ერთობლივი, რეგიონული და ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას და ეროვნული პარკების განვითარებას ხელს შეუწყობს", – განაცხადა კარიმოვმა.
საქართველო შესაძლოა გახდეს ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდო მოლაპარაკების ადგილი - ალიევი>>>
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები.
აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0