დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს: პროკურატურამ თაღლითური ჯგუფი გამოავლინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულებს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით 600 ათასი ევრო ჩაარიცხინეს.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, დაარწმუნა ისინი, თითქოს მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.
უწყების ცნობით, მეტი დამაჯერებლობისთვის ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლების, მოგების და რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ღირებულების აქტივების მართვის შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2020 წელს დაზარალებულებს თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 ათასი ევრო საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს, რომელიც დააკონვერტირეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით ერთ-ერთი ბრალდებულის პირად, ასევე მათ მფლობელობაში არსებულ სხვა კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.
აღნიშნული გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 1.898.880 ლარის, 39.550 ევროსა და 9 ათასი აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 10-10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, იურიდიულ პირს კი სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და დაეკისრა ჯარიმა 200 ათასი ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ 311.652 ლარის ღირებულების ოთხი უძრავი ქონება, ორი ავტომანქანა და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხა ჩამოერთვათ.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0