ლავროვი: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია

© photo: Sputnik / Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამართულმა ზოგადპოლიტიკურმა დისკუსიამ დამაჯერებლად დაადასტურა, რომ მსოფლიო კარდინალურ, ტექტონიკურ ცვლილებებს განიცდის, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სტატიაში, რომელიც უწყების საიტზეა გამოქვეყნებული.
კერძოდ, ლავროვი სტატიაში წერს:
ჩვენს თვალწინ ყალიბდება ახალი, უფრო სამართლიანი მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მსოფლიოს კულტურულ-ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას ასახავს. მომავლის კონტურები ბრძოლაში იბადება. მსოფლიოს უმრავლესობა, დედამიწის მოსახლეობის 85% მხარს უჭერს გლობალური სიკეთეების უფრო სამართლიან განაწილებასა და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემას, საერთაშორისო ცხოვრების თანმიმდევრულ დემოკრატიზაციას. მეორე მხრივ, დასავლური სახელმწიფოების ვიწრო ჯგუფი, შეერთებული შტატების მეთაურობით, ცდილობს გამოიყენოს ნეოკოლონიური მეთოდები, რათა ბუნებრივი კურსი შეანელოს და დომინირება შეინარჩუნოს.
„კოლექტიური დასავლეთის“ სავიზიტო ბარათი უკვე დიდი ხანია არის თანასწორობის პრინციპის უარყოფა და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკების სრული უუნარობა. დანარჩენი მსოფლიოსთვის ზემოდან ცქერას მიჩვეული ამერიკელები და მათი ევროპული სატელიტები ხშირად იღებენ ვალდებულებებს, რომლებსაც შემდეგ უბრალოდ არ ასრულებენ.
როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, დასავლეთი ნამდვილი „ტყუილის იმპერიაა“. ჩვენ, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, ეს კარგად ვიცით. საკმარისია გავიხსენოთ, თუ როგორ ამზადებდნენ მეორე მსოფლიო ომში ჩვენი მოკავშირეები − ვაშინგტონი და ლონდონი − სსრკ-ის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გეგმებს ჯერ კიდევ ნაცისტური გერმანიის დანებებამდე, 1949 წელს კი შეერთებული შტატები ამუშავებდა გეგმებს სსრკ-ზე ბირთვული დარტყმების შესახებ, რომლებიც მხოლოდ მოსკოვის მიერ ამ იარაღის შექმნის წყალობით ჩაიშალა.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გერმანიის გაერთიანებაში და ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის პარამეტრებზე შეთანხმებაში, საბჭოთა და შემდეგ რუსეთის ხელმძღვანელობას მიეცა კონკრეტული გარანტიები ნატოს აღმოსავლეთში გაუფართოებლობის შესახებ. მოლაპარაკებების შესახებ შესაბამისი ჩანაწერები ჩვენს და დასავლურ არქივებში ინახება.
მაგრამ დასავლელი ლიდერების ეს გარანტიები აღმოჩნდა ტყუილი, ისინი არც აპირებდნენ მათ შესრულებას. მათ ასევე არასოდროს რცხვენოდათ იმისა, რომ ნატოს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით უხეშად დაარღვიეს 1999-2010 წლებში უმაღლეს დონეზე მიღებული შეთანხმებები. ნატო დაჟინებით აკეთებდა და აკეთებს ზუსტად იმას, რაც, მისივე დაპირებით, არასდროს არ უნდა გაეკეთებინა.
2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში ამპარტავნულად უარყვეს ჩვენი წინადადებები შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმებების დადების შესახებ უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებსა და უკრაინის არაბლოკური სტატუსის შეუცვლელობაზე. დასავლეთი გეგმაზომიერად აგრძელებდა კიევის რეჟიმის სისტემატურ მილიტარიზაციას, რომელიც ხელისუფლებაში სისხლიანი გადატრიალების შედეგად მოვიდა და გამოიყენებოდა ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირი სამხედრო საფრთხის შესაქმნელ პლაცდარმად, და მისი ისტორიული მემკვიდრეობის გასანადგურებლად რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების მიწებზე.
შეერთებულ შტატებსა და ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შორის ბოლო ერთობლივი წვრთნების სერია, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარების დამუშავება, უპრეცედენტო იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ. რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ გამოცხადებულმა ამოცანამ საბოლოოდ დააბრმავა საკუთარი დაუსჯელობით შეპყრობილი და ელემენტარული თვითგადარჩენის გრძნობადაკარგული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები.
ნატოს ექსპანსიონიზმის ახალი საშიში გამოვლინება გახდა ბლოკის პასუხისმგებლობის არეალის მთელ აღმოსავლეთ ნახევარსფეროზე გაფართოების მცდელობები − „ევროატლანტიკური და ინდოეთი–წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების განუყოფლობის“ მზაკვრული ლოზუნგით. ამ მიზნით ვაშინგტონი თავის კონტროლის ქვეშ აყალიბებს სამხედრო-პოლიტიკურ მინი-ალიანსებს, როგორიცაა AUCUS, აშშ–იაპონია–კორეის „ტროიკა“ და ტოკიო–სეული–კანბერა–ველინგტონის კვარტეტი.
მის მონაწილეებს ნატოსთან პრაქტიკულ კოოპერაციაში რთავენ, რომელიც თავის ინფრასტრუქტურას ნერგავს წყნარი ოკეანის თეატრში. რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ამგვარი ძალისხმევის დაუფარავი მიმართვა რეგიონული არქიტექტურის დაშლისკენ, რომელიც განვითარდა ASEAN-ის გარშემო, ქმნის გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ფეთქებადი კერის გაჩენის რისკს − უკვე უკიდურესად გადახურებულ ევროპულზე დამატებით.
იქმნება მდგრადი შთაბეჭდილება, რომ შეერთებულმა შტატებმა და მის სრულ დაქვემდებარებაში მყოფმა „დასავლურმა კოლექტივმა“ „მონროს დოქტრინის“ გლობალური პროეცირება გადაწყვიტეს. ჩანაფიქრი იმდენად ილუზორულია, რამდენადაც უკიდურესად საშიში, მაგრამ ეს მაინც არ აჩერებს Pax Americana-ს ახალი გამოცემის იდეოლოგებს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური მმართველი ელიტები გაეროს წესდების დარღვევით მიუთითებენ სხვა ქვეყნებს, ვისთან და როგორ განავითარონ სახელმწიფოთშორისი კავშირები. არსებითად, უკრძალავენ მათ ეროვნული ინტერესების უფლებას და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვილნიუსის დეკლარაცია „რუსეთსა და ჩინეთს შორის მზარდ პარტნიორობას“ ნატოს საფრთხედ ახასიათებს.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ელჩებთან საუბრისას მაკრონმა გულწრფელი შეშფოთება გამოხატა BRICS-ის გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს მოვლენა საერთაშორისო არენაზე სიტუაციის გართულების მტკიცებულებად შეაფასა, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლეთისა და, კერძოდ, ევროპის დასუსტებას.
„კოლექტიურმა დასავლეთმა“, შეერთებული შტატების მეთაურობით, თვითნებურად მიითვისა მთელი კაცობრიობის ბედის არბიტრის წოდება და, გამონაკლისობის კომპლექსით დახუნძლულმა, გაეროს დამფუძნებლების მემკვიდრეობის სულ უფრო ხშირად და ფართოდ იგნორირება დაიწყო. ხოლო თავად გაეროცენტრისტულ მსოფლიო წესრიგის არქიტექტურას რაღაც „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“ ცვლის.
ეს წესები არავის უნახავს (უფრო სწორად, ისინი არავისთვის უჩვენებიათ), მაგრამ ანგლოსაქსურ და სხვა გეოპოლიტიკური ინჟინრების ორმაგ და თვალთმაქცურ ქმედებებზე დაკვირვებით შეიძლება ჩამოყალიბდეს მკაფიო გაგება იმისა, თუ როგორ ხორციელდება ეს ავანტიურა პრაქტიკაში. სიტყვიერად გაეროს წესდების ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობის უარყოფის გარეშე დასავლეთი ყოველთვის მიმართავს მათ შერჩევით, შემთხვევიდან შემთხვევამდე, და ამოაქვს მხოლოდ ის, რაც მოცემულ კონიუნქტურულ მომენტში ემსახურება მის ანგარებიან გეოპოლიტიკურ საჭიროებებს.
ამავდროულად ყველა ნორმატიული პრინციპი: სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ტერიტორიული მთლიანობის, თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლება − დაცული უნდა იყოს არა შერჩევით, არამედ მთლიანობაში, გამომდინარე საერთაშორისო ურთიერთობების სამართლიანი რეგულირების ინტერესებიდან.
მეტად საგულისხმოა, რომ ვაშინგტონი, ლონდონი და მათი მოკავშირეები არასდროს, არცერთ სიტუაციაში არათუ არ იყენებენ, არამედ არც ახსენებენ წესდების ძირითად პრინციპს: „გაერო ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას“.
ეს პრინციპი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ყველა ქვეყნის ღირსეული ადგილი მსოფლიოში, განურჩევლად ზომისა, მმართველობის ფორმის, პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური სისტემისა. დასავლეთი ცდილობს დაყოს სამყარო „დემოკრატიებად“, რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ, და დანარჩენებად, რომლებიც ვალდებული არიან, ემსახურონ „ოქროს მილიარდის“ ინტერესებს.
დასავლური „გამონაკლისობის კომპლექსის“ კვინტესენცია იყო ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ჟოზეპ ბორელის საჯარო განცხადება, რომ „ევროპა არის ედემის ბაღი, ხოლო დანარჩენი მსოფლიო ჯუნგლებია“. ეს აღარ არის „სუვერენული თანასწორობა“, ეს წმიდა წყლის კოლონიალიზმია.
„კოლექტიური დასავლეთი“ მუდმივად არღვევს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ფუნდამენტურ პრინციპს. არსებობს ამის ბევრი მაგალითი ცენტრალური ამერიკიდან, ასევე იუგოსლავიიდან ერაყსა და ლიბიამდე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ექსპანსიას.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ვაშინგტონმა ღიად დაიწყო უკრაინის ხელში ჩაგდება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა საჯაროდ და ამაყადაც კი აღიარა, 2013 წლის ბოლოს ვაშინგტონმა 5 მილიარდი დოლარი დახარჯა კიევში მორჩილი პოლიტიკოსების აღზრდაზე.
2004-2005 წლებში დასავლეთმა, პროამერიკელი კანდიდატის ხელისუფლებაში მოსაყვანად, კიევში პირველ სახელმწიფო გადატრიალებაზე ნებართვა გასცა, რითაც აიძულა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო, მიეღო უკანონო გადაწყვეტილება არჩევნების მესამე ტურის ჩატარების შესახებ, რაც ქვეყნის ძირითადი კანონით გათვალისწინებული არ არის.
საშინაო საქმეებში კიდევ უფრო უცერემონიო ჩარევა 2013-2014 წლებში მეორე მაიდნის დროს გამოიკვეთა. მაშინ დასავლელი ვოიაჟერების მთელმა რიგმა პირდაპირ მოუწოდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს ძალადობრივი ქმედებებისკენ.
იგივე ნულანდმა კიევში აშშ-ის ელჩთან მომავალი მთავრობის შემადგენლობა განიხილა, რომელსაც პუტჩისტები შექმნიდნენ. იმავდროულად მან ევროკავშირს მსოფლიო პოლიტიკაში მისი რეალური ადგილისკენაც მიუთითა. 2014 წლის თებერვალში ამერიკელების მიერ შერჩეული პერსონაჟები ხელისუფლების სისხლიანი ხელში ჩაგდების მთავარი მონაწილეები გახდნენ. შეგახსენებთ, ეს ყველაფერი გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის შუამავლობით, უკრაინის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევიდან მეორე დღეს მოხდა. გაეროს ქარტიის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი არაერთხელ გაითელა.
გადატრიალების შემდეგ პუტჩისტებმა განაცხადეს, რომ მათი უპირობო პრიორიტეტი იყო უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა. ხოლო ყირიმის და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მცხოვრებლები, რომლებმაც უარი თქვეს ძალაუფლების არაკონსტიტუციურად მიტაცების შედეგებთან შეგუებაზე, ტერორისტებად გამოცხადდნენ და მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. ამის საპასუხოდ ყირიმმა და დონბასმა რეფერენდუმები ჩაატარეს − გაეროს წესდების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის სრული დაცვით.
დასავლელი დიპლომატები და პოლიტიკოსები, უკრაინასთან მიმართებაში გულმოდგინედ ერიდებიან საერთაშორისო სამართლის ამ უმნიშვნელოვანეს ნორმას, რათა მომხდარის მთელი ფონი და არსი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაუშვებლობამდე დაიყვანონ.
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა: 1970 წელს მიღებული გაეროს დეკლარაცია სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პრინციპების შესახებ, განსაზღვრავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპი ვრცელდება „სახელმწიფოებზე, რომლებიც თავიანთ ქმედებებში იცავენ ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს (...) და ამის შედეგად ფორმირებულ მთავრობებს, რომლებიც (...) მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ხალხს წარმოადგენენ“.
ის ფაქტი, რომ უკრაინელი ნეონაცისტები, რომლებმაც ძალაუფლება კიევში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჩაიგდეს ხელში, არ წარმოადგენდნენ ყირიმისა და დონბასის მოსახლეობას, დამტკიცებას არ საჭიროებს. ხოლო დასავლეთის დედაქალაქების უპირობო მხარდაჭერა კიევის კრიმინალური რეჟიმის ქმედებებისადმი სხვა არაფერია, თუ არა თვითგამორკვევის პრინციპის დარღვევა შიდა საქმეებში უხეში ჩარევით.
რასისტული კანონების მიღება, რომელიც კრძალავს ყველაფერ რუსულს − განათლებას, მედიას, უშვებს კულტურის, წიგნებისა და ძეგლების განადგურებას, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვასა და მისი ქონების ჩამორთმევას, რაც პოროშენკოსა და შემდეგ ზელენსკის მმართველობის დროს მოხდა, გაეროს ქარტიის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის უხეში დარღვევაა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის კონსტიტუციას, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს რუსებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების უფლებებს.
კიევი ვალდებული იყო შეესრულებინა თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებსაც 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმებები ითვალისწინებდა, და რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური რეზოლუციით დამტკიცდა − წესდების 36-ე მუხლის სრული დაცვით, რომელიც მხარს უჭერს „მხარეების მიერ მიღებულ დავის გადაწყვეტის ნებისმიერ პროცედურას“. ამ შემთხვევაში – კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის.
თუმცა, შარშან მინსკის შეთანხმების ყველა ხელმომწერმა მხარემ, გარდა პუტინისა, საჯაროდ და სიამოვნებითაც კი აღიარა, რომ როცა ამ დოკუმენტს აწერდნენ ხელს, მის განხორციელებას კი არ აპირებდნენ, არამედ მხოლოდ დროის მოგებას უკრაინის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ იარაღით გასაბერად. მთელი ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი და ნატო პირდაპირ უჭერდნენ მხარს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟს, უბიძგებდნენ კიევის რეჟიმს, ძალისმიერად გადაეწყვეტა „დონბასის პრობლემა". ეს გაეროს წესდების 25-ე მუხლის დარღვევით გაკეთდა, რომლის მიხედვითაც გაეროს ყველა წევრი ვალდებულია „დაემორჩილოს და შეასრულოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები“.
შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმებების პაკეტში რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ბერლინმა და პარიზმა პირობა დადეს, რომ დონბასს საბანკო სისტემის აღდგენაში დაეხმარებოდნენ. მაგრამ თითიც არ გაუნძრევიათ. მხოლოდ აკვირდებოდნენ, თუ როგორ გამოაცხადა პოროშენკომ თავისი ვალდებულებების საწინააღმდეგოდ დონბასის სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადა.
იმავე დეკლარაციაში ბერლინმა და პარიზმა განაცხადეს, რომ ისინი ხელს შეუწყობენ სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას რუსეთი-უკრაინა-ევროკავშირის ფორმატში, რათა პრაქტიკულად გადაეწყვიტათ ვაჭრობის სფეროში არსებული ის საკითხები, რომლებიც რუსეთს აღელვებდა, ასევე ხელს შეუწყობდნენ „საერთო ჰუმანიტარული და ეკონომიკური სივრცის შექმნას ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე“.
ეს დეკლარაცია ასევე დაამტკიცა უშიშროების საბჭომ. ის გაეროს წესდების 25-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა განხორციელებას. მაგრამ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ეს ვალდებულება სიცრუე, წესდების პრინციპების მორიგი დარღვევა აღმოჩნდა.
დღეს ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში მხოლოდ ლოზუნგები გვესმის: „შეჭრა, აგრესია, ანექსია“. არცერთი სიტყვა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესახებ, იმის შესახებ, თუ რამდენი წლის განმავლობაში ზრდიდნენ ღიად ნაცისტურ რეჟიმს, როგორ გადაწერეს ღიად მეორე მსოფლიო ომის შედეგები და საკუთარი ხალხის ისტორია. დასავლეთი თავს არიდებს ფაქტებზე დაფუძნებულ შინაარსობრივ საუბარსა და გაეროს წესდების ყველა მოთხოვნის პატივისცემას. მას არ აქვს არგუმენტები გულწრფელი დიალოგისთვის.
იქმნება ძლიერი შთაბეჭდილება, რომ დასავლეთის წარმომადგენლებს ეშინიათ პროფესიული დისკუსიებისა, რომელიც ამხელს მათ დემაგოგიას. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საუბრისას ყოფილი კოლონიური მეტროპოლიები დუმან გაეროს გადაწყვეტილებებზე, რომ პარიზმა „ფრანგული“ მაიოტა კომორის კუნძულების კავშირში უნდა დააბრუნოს, ხოლო ლონდონმა ჩაგოსის არქიპელაგი უნდა დატოვოს და მოლაპარაკებები დაიწყოს ბუენოს-აირესთან მალვინის კუნძულებზე.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ეს „დამცველები“ ​​ახლა ისეთ სახეს იღებენ, რომ არ ახსოვთ მინსკის შეთანხმებების არსი, რომლითაც დონბასის უკრაინასთან გაერთიანება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, განსაკუთრებით კი მშობლიური ენის უფლების დაცვის გარანტიებით უნდა მომხდარიყო. დასავლეთს, რომელმაც ხელი შეუშალა მათ განხორციელებას, უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის რღვევასა და იქ სამოქალაქო ომის გაჩაღებაზე.
გაეროს წესდების სხვა პრინციპებს შორის, რომელთა პატივისცემასაც ევროპაში უსაფრთხოების კრიზისის აღკვეთა და ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებულ ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე შეთანხმების დადებისთვის ხელის შეწყობა შეეძლო, უნდა გამოვყო VIII თავის მე-2 მუხლი. ის რეგიონული ორგანიზაციების დახმარებით დავების მშვიდობიანი მოგვარების პრაქტიკის შემუშავების აუცილებლობას ითვალისწინებს.
ამ პრინციპის შესაბამისად, რუსეთი, თავის მოკავშირეებთან ერთად, თანმიმდევრულად ემხრობოდა კონტაქტების დამყარებას CSTO-სა და ნატოს შორის, რათა ხელი შეეწყო ეუთოს სამიტების გადაწყვეტილებების პრაქტიკული განხორციელებისთვის ევროპაში უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ. თუმცა, CSTO-ს უმაღლესი ორგანოების მრავალი მიმართვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი იგნორირებული იყო. ნატოს რომ CSTO-ს წინადადებები თანამშრომლობის შესახებ არ უარეყო, მაშინ, ალბათ, მრავალი ისეთი ნეგატიური პროცესის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი, რომლებმაც მიმდინარე ევროპული კრიზისი გამოიწვია იმის გამო, რომ ათწლეულების განმავლობაში ისინი უარს ამბობდნენ რუსეთის მოსმენაზე.
დასავლეთზე ორიენტირებული ლიბერალური მსოფლიო წესრიგი წარმოუდგენელია ორმაგი სტანდარტების გარეშე. როდესაც თვითგამორკვევის პრინციპი ეწინააღმდეგება დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, როგორც, მაგალითად, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მოსახლეობის რუსეთთან მიერთების ნების გამოხატვის შემთხვევაში მოხდა, დასავლეთი მას არა მხოლოდ ივიწყებს, არამედ გაბრაზებული გმობს ხალხის არჩევანს, სჯის მათ სანქციებით. როდესაც ეს დასავლეთისთვისაა ხელსაყრელი, თვითგამორკვევა აბსოლუტურ „წესად“ ცხადდება. საკმარისია აღვნიშნოთ სერბეთისგან კოსოვოს ჩამოჭრა − ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე.
სერბეთის ამ რეგიონში ვითარების მუდმივი გაუარესება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატოს იარაღის მიწოდება კოსოვოელებისთვის და მათი დახმარება ჯარის შექმნაში უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნდამენტურ რეზოლუცია 1244-ს.
სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დემოკრატიზაციის თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სულ უფრო ღიად და არაცერემონიულად ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციების სამდივნოების პრივატიზებას, დადგენილი წესებისთვის თავის არიდებით გააქვთ გადაწყვეტილებები მათთვის დაქვემდებარებული მექანიზმების შექმნის შესახებ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს წესდების მოთხოვნები ვრცელდება მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოზეც, რომელიც, წესდების მე-100 მუხლის შესაბამისად, უნდა მოქმედებდეს მიუკერძოებლად, არ უნდა იღებდეს მითითებებს რომელიმე მთავრობისგან და, რა თქმა უნდა, პატივს სცემდეს წევრი სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის პრინციპს.
ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება გაეროს გენერალური მდივნის გუტერეშის 29 მარტის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ „ავტოკრატიული მმართველობა არ იძლევა სტაბილურობის გარანტიას, ის არის ქაოსისა და კონფლიქტის კატალიზატორი“, აი „ძლიერ დემოკრატიულ საზოგადოებებს კი თვითგამოსწორებისა და თვითგანვითარების უნარი აქვთ. მათ შეუძლიათ ცვლილებების სტიმულირება, თუნდაც რადიკალური ცვლილებებისა, სისხლისღვრისა და ძალადობის გარეშე“.
უნებურად მახსენდება „ცვლილებები“, რომლებიც „ძლიერი დემოკრატიების“ აგრესიულმა ავანტიურებმა მოიტანა იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, სირიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში.
შემდეგ გენერალურმა მდივანმა თქვა: დემოკრატიები არის ფართო თანამშრომლობის ცენტრები, რომლებიც თანასწორობის, მონაწილეობისა და სოლიდარობის პრინციპებს ეფუძნება“. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბაიდენის მიერ მოწვეულ „დემოკრატიის სამიტზე“ ითქვა, რომლის მონაწილეებიც ამერიკის ადმინისტრაციამ შეარჩია ლოიალობის პრინციპით − თანაც არა იმდენად ვაშინგტონისადმი, რამდენადაც მმართველი დემოკრატიული პარტიისა. ამგვარი ფორუმების გლობალური ხასიათის საკითხების განსახილველად გამოყენების მცდელობები პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს წესდების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტს, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია „ორგანიზაციის, როგორც ცენტრის როლის უზრუნველყოფა საერთო მიზნების მისაღწევად მოქმედებების კოორდინაციისთვის“.
იმავე „დემოკრატიის სამიტზე“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „დემოკრატია გამომდინარეობს გაეროს წესდებით. მისი პირველი სიტყვები − „ჩვენ, ხალხები“ − ლეგიტიმურობის ფუნდამენტურ წყაროს ასახავს: იმათ თანხმობას, ვისაც მართავენ“.
ამ თეზისის კიევის რეჟიმის „წარმატებებთან“ დაკავშირება ნამდვილად სასარგებლოა − რომელმაც ომი დაიწყო საკუთარი ხალხის დიდი ნაწილის წინააღმდეგ, იმ მილიონობით ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ნეონაცისტებისა და რუსოფობების მმართველობას არ დათანხმდა − იმათ მმართველობას, ვინც უკანონოდ ჩაიგდო ხელისუფლება ქვეყანაში და დამარხა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული მინსკის შეთანხმებები, რითაც ძირი გამოუთხარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
წესდების პრინციპებზე საუბრისას ჩნდება კითხვა უშიშროების საბჭოს ურთიერთობაზე გენერალურ ასამბლეასთან. „დასავლური კოლექტივი“ აგრესიულად და დიდი ხნის განმავლობაში პედალირებს „ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენების“ თემით და, გაეროს წევრებზე ზეწოლით, მიაღწია კიდეც გადაწყვეტილებას, რომ ამ უფლების ყოველი გამოყენების შემდეგ, შესაბამისი თემა გენერალურ ასამბლეაზე განიხილებოდეს.
ეს ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან რუსეთის მიდგომები დღის წესრიგის ყველა საკითხთან დაკავშირებით ღიაა, დასამალი არაფერი გვაქვს და ჩვენი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება არ გვიჭირს. თანაც, ვეტოს გამოყენება არის აბსოლუტურად ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია წესდებით − იმ გადაწყვეტილებების მიღების ტავიდან ასარიდებლად, რომლებსაც შესაძლოა ორგანიზაციაში განხეთქილება მოჰყვეს.
მაგრამ, რადგან გენერალურ ასამბლეაზე ვეტოს გამოყენების შემთხვევების განხილვის პროცედურა დამტკიცებულია, მაშინ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციებზე, რომლებიც ყოველგვარი ვეტოს გარეშე მიიღეს, მათ შორის, მრავალი წლის წინ, მაგრამ არასდროს განხორციელებულა. რატომ არ უნდა განიხილოს გენერალურმა ასამბლეამ ამ მდგომარეობის მიზეზები − მაგალითად, მოუსმინოს მათ, ვინც უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება ჩაშალა პალესტინისა და ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის პრობლემების, ირანის ბირთვული პროგრამის, ასევე რეზოლუცია 2202-ის შემთხვევაში?
დიდ ყურადღებას მოითხოვს ასევე სანქციების რეჟიმებთან დაკავშირებული პრობლემა. ეს უკვე ნორმად იქცა: უშიშროების საბჭო, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ − წესდების მკაცრად დაცვით − ამტკიცებს სანქციებს კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ კი შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „დამატებით" ცალმხრივ შეზღუდვებს უწესებენ იმავე სახელმწიფოს უშიშროების საბჭოს დამტკიცების გარეშე. ასეთია ბერლინის, ვაშინგტონის, პარიზისა და ლონდონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაუხანგრძლივდეს ირანს შეზღუდვები, რომლებსაც მოქმედების ვადა ამა წლის ოქტომბერში ეწურება გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციით. ანუ: უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მოქმედების ვადა ამოიწურა, მაგრამ დასავლელებს ეს არ აინტერესებთ. მათ საკუთარი „წესები" აქვთ.
დასავლური უმცირესობის აგრესიულმა, ვიწრო ინტერესების ხაზმა სერიოზული კრიზისი გამოიწვია საერთაშორისო ურთიერთობებში. იზრდება გლობალური კონფლიქტის რისკები. თუმცა, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა მსოფლიოს ბედზე − ისტორიულ კონტექსტში და არა მოახლოებულ ეროვნულ არჩევნებში კონიუნქტურული ელექტორალური პოზიციების თვალსაზრისით. თითქმის 80 წლის წინ, გაეროს წესდებაზე ხელმოწერით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პატივი უნდა სცენ ყველა სახელმწიფოს თანასწორობას, რითაც თანაბარი, პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის აუცილებლობა მათი განვითარების მდგრადობისა და უსაფრთხოების გარანტიად აღიარეს.
აუცილებელია, რომ გაეროს წესდებაში დაფიქსირებული მრავალპოლარულობის სულისკვეთება რეალიზებული იყოს. მსოფლიოს სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს, გაააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი და დაიცვას ეროვნული ინტერესები, ტრადიციები, კულტურა და ცხოვრების წესი. მათ არ სურთ ვინმეს კარნახით ცხოვრება, მათ სურთ მეგობრობა და ვაჭრობა ერთმანეთთან და დანარჩენ სამყაროსთან − მხოლოდ თანაბარ და ორმხრივად სასარგებლო პირობებზე, ობიექტურად განვითარებადი მრავალპოლარული არქიტექტურის ფარგლებში. ეს იყო კიდეც გაბატონებული განწყობა BRICS-ის, G20-ისა და აღმოსავლეთ აზიის ბოლო სამიტებზე.
წინა პლანზე გლობალური მმართველობის მექანიზმების სწრაფი რეფორმირების ამოცანა გამოდის. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უარი უნდა თქვან საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში ხმის მიცემის კვოტების გადანაწილების ხელოვნურ შეკავებაზე, უნდა აღიარონ გლობალური სამხრეთის ქვეყნების რეალური ეკონომიკური და ფინანსური წონა. ასევე სასწრაფოდ უნდა განიბლოკოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების განმხილველი ორგანოს მუშაობაც.
ასევე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება უშიშროების საბჭოს გაფართოება − მის შემადგენლობაში აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების არასაკმარისი წარმომადგენლობის აღმოფხვრის გზით. მნიშვნელოვანია, რომ უშიშროების საბჭოს ახალი წევრები − მუდმივიცა და არამუდმივი − ავტორიტეტით სარგებლობდნენ როგორც თავიანთ რეგიონებში, ისე ისეთ გლობალურ ორგანიზაციებში, როგორებიცაა მიუერთებლობის მოძრაობა, 77-ე ჯგუფი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.
დროა, განვიხილოთ გაეროს სამდივნოს ფორმირების უფრო სამართლიანი მეთოდები. მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი კრიტერიუმები არ ასახავს სახელმწიფოების რეალურ წონას მსოფლიო საქმეებში და ხელოვნურად უზრუნველყოფს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების უსაზღვრო დომინირებას. ეს დისპროპორცია კიდევ უფრო ღრმავდება მუდმივი კონტრაქტების სისტემით, რომელიც მათ მფლობელებს საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბბინების მასპინძელი ქვეყნების პოზიციებთან აკავშირებს, რომელთაგან თითქმის ყველა დასავლური პოლიტიკის გამმტარებელ დედაქალაქებშია განლაგებული.
გაეროს რეფორმის ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისა და ორგანიზაციის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური საკოორდინაციო ორგანოს აღორძინებისკენ. სადაც მოხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები ერთად, ინტერესთა სამართლიან ბალანსზე დაყრდნობით.
ამასთან სრულად უნდა ამოქმედდეს ახალი ტიპის გაერთიანებების ,პოტენციალი, რომელიც გლობალური სამხრეთის ინტერესებს ასახავს. ეს, უპირველეს ყოვლისა, არის BRICS-ი, რომელმაც იოჰანესბურგის სამიტის შემდეგ საგრძნობლად გაზარდა თავისი ავტორიტეტი და ჭეშმარიტად გლობალური გავლენა მოიპოვა.
რეგიონულ დონეზე ხდება ისეთი ორგანიზაციების რენესანსი, როგორიცაა აფრიკის კავშირი, CELAC, არაბთა ლიგა, GCC და სხვა სტრუქტურები. ევრაზიაში, SCO-ს, ASEAN-ის, CSTO-ს, EAEU-ს, დსთ-სა და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში ინტეგრაციის პროცესების ჰარმონიზაცია სულ უფრო და უფრო მატულობს. არსებობს დიდი ევრაზიული პარტნიორობის ბუნებრივი ფორმირება, რომელიც ღიაა ჩვენი საერთო კონტინენტის ყველა ასოციაციისა და ქვეყნის მონაწილეობისთვის − გამონაკლისის გარეშე.
პოზიტიურ ტენდენციებს ეწინააღმდეგება დასავლეთის მზარდი აგრესიული მცდელობები, შეინარჩუნოს დომინირება მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ფინანსებში. საერთო ინტერესებშია მსოფლიოს იზოლირებულ სავაჭრო ბლოკებად და მაკრორეგიონებად ფრაგმენტაციის თავიდან აცილება. მაგრამ თუ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს არ სურთ შეთანხმდნენ გლობალიზაციის პროცესებისთვის სამართლიანი, თანაბარი ხასიათის მინიჭებაზე, მაშინ დანარჩენებმა უნდა გამოიტანონ დასკვნები და იფიქრონ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-ეკონომიკურ პერსპექტივასა და ტექნოლოგიურ განვითარებას.
5 ოქტომბერს ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი საერთაშორისო სამართლის განმტკიცებას გაეროს წესდებაზე დაყრდნობით, და ჭეშმარიტი მრავალპოლარულობის ფორმირების ექვსი პრინციპი ჩამოაყალიბა: მსოფლიოს ღიაობა და ურთიერთკავშირი, მრავალფეროვნების, როგორც ერთობლივი განვითარების ფუნდამენტის პატივისცემა, გლობალური მმართველობის სტრუქტურებში მაქსიმალური წარმომადგენლობა, საყოველთაო უსაფრთხოება ყველას ინტერესთა ბალანსზე, განვითარების სიკეთეებზე სამართლიანი წვდომა, თანასწორობა ყველასთვის, „მდიდრების ან ძლიერების“ დიქტატზე უარის თქმა.
თუ მსოფლიო თანამეგობრობის წევრები იპოვიან ძალას, რომ საწყისებს დაუბრუნდნენ და გაეროს წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ, მაშინ კაცობრიობას გაუჩნდება შანსი, გადალახოს მონოპოლარული ეპოქის დამღუპველი მემკვიდრეობა.
რამდენად არიან ყველანი მზად მსოფლიოს ბედზე კოლექტიური პასუხისმგებლობის გასაცნობიერებლად, მომავალ წელს გაეროს სამდივნოს ინიციატივით მოწვეული „მომავლის სამიტისთვის“ სამზადისი გვიჩვენებს.
როგორც გუტერეშმა თქვა გენასამბლეის 78-ე სესიის წინ, „თუ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დამყარებული მშვიდობა და კეთილდღეობა გვსურს, მაშინ ლიდერებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საერთო კეთილდღეობისთვის ჩვენი საერთო მომავლის პროექტირებაში კომპრომისის მიღწევაზე“.
ეს ოქროს სიტყვებია. სწორედ კონსენსუსის ძიებაშია გაერთიანებული ერების მისია და არა მსოფლიოს „დემოკრატიებად“ და „ავტოკრატიებად“ დაყოფაში. რუსეთი მზადაა, თანამოაზრეებთან ერთად სრულად შეუწყოს ხელი ამის რეალიზაციას.
ყველა ახალი ამბავი
0