ისრაელი-პალესტინის ომი: პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავება ამერიკული პოლიტიკის მარცხისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების იგნორირების შედეგია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ალ-სუდანთან შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პალესტინურმა რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე იერიში მიიტანა, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნათანიაჰუმ კი ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

„სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას ვხედავთ. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი, რომელიც დარეგულირების მონოპოლიზებას ცდილობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იყო დაინტერესებული ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების მოძიებით“, − განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი საკუთარ იდეებს ავრცელებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართულიყო დარეგულირება და ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ ზეწოლის განხორციელებით შეერთებული შტატები ყოველ ჯერზე უგულებელყოფდა პალესტინელი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებსა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია, ისევე, როგორც ერაყისა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის ნულამდე შემცირებაა.
საომარი მოქმედებები ისრაელსა და პალესტინის ისლამურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყო ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო შეტევით. „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სამხედრო ოპერაციებს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე არ შეწყვეტენ, რომლის დედაქალაქიც, „საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება.
ამის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰამასის“ ქალაქებს ნანგრევებად აქცევს.
ყველა ახალი ამბავი
0