„საქსტატი" - მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება

© photo: Sputnik / Stringerმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
აღწერა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში) ჩატარდება, შედეგები კი 6 თვეში გამოქვეყნდება.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოციალური ქსელში საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. კერძოდ, არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია აღწერაში გამოყენებული ტერმინის „მუდმივი მოსახლეობის“ შესახებ.

„გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს. ამ მეთოდოლოგიას გაეროს წევრი 200-მდე ქვეყანა იყენებს და არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.
ასე რომ, ემიგრანტები, რომლებიც წლებია სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ა.შ.) ცხოვრობენ, არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.
გარდა ამისა, აღწერა არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში) ტარდება, შედეგები კი 6 თვეში გამოქვეყნდება და, შესაბამისად, ერთმანეთთან შემხებლობაში არ არის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დღეიდან, 9 ოქტომბრიდან კი ქვეყანაში დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია – როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით, მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ყველა ახალი ამბავი
0