7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ - რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
სააკაშვილის დისტანციურად ჩაერთო „ვივამედის“ კლინიკიდან, სადაც ის გასული წლის მაისიდან იმყოფება
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო 15 წლის ყველაზე გახმაურებულ, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმეზე ბრალდებულის სტატუსით გადიან საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები.
საქმეს, რომელშიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში ბრალდებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირები ექს-პრეზიდენტის მეთაურობით, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დაახლოებით ცხრა წელია განიხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა. სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის გასული წლის მაისიდან იმყოფებოდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო მისი გამოსვლა რამდენჯერმე შეწყდა.
„პენიტენციური სამსახურისგან დაბრკოლებების, ბარიერების და ხარვეზების შექმნა არ გვიკვირს. ახლა იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალო, ფაქტობრივად, ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, ეს თავიდან ბოლომდე „ვივამედის" და პენიტენციური სამსახურის უპასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა 7 ნოემბრის აქციის მონაწილეთა დაშლის ვიდეოჩანაწერი. მაგრამ სააკაშვილის ინტერესების დამცველები ამტკიცებენ, რომ ხსენებულ კადრებზე სისტემური ძალადობა არ იკვეთება.
„ჩვენ მოწმეების ხელახლა დაკითხვას ვითხოვდით და ხელახლა გვაყურებინეს ვიდეოები... ამ კადრებით ჩანს, რომ მიტინგის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა, საპოლიციო ძალებიც გამოყვანილი იყვნენ, შეიძლება, ერთეულ შემთხვევებში ვინმეს მხრიდან ჰქონდა ძალის გადამეტებას ადგილი, მაგრამ სისტემური ძალადობა არ იკვეთება“, - განაცხადა ბასილაიამ.
აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილის გარდა ფიგურანტები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ასევე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მონაწილეობენ. უკანასკნელი ორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 27 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
საქმის დეტალები
ყოფილ მაღალჩინოსნებს (ადეიშვილს, კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და გიგი უგულავას) ბრალი ედებათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებაში.
გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის 4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია და გუბერნატორები.
შეხვედრაზე გადაწყდა, შეიქმნას აქციის მონაწილეთა სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანების ცემა და დაკავება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადების გზით.
მერაბიშვილისთვის თათბირზე მიცემული დავალება (ხალხის დაშინების, ცემის და დაკავების შესახებ) შესრულდა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაცემული იქნა ბრძანება აქციის დარბევის შესახებ.
პროცესი სააკაშვილის გახმაურებულ საქმეზე შეიძლება გაჭიანურდეს - განხილვა თავიდან დაიწყება >>
გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მოხდა ოპოზიციონერი მომიტინგეების დარბევა (სახალხო დამცველის, პოლიტიკური პარტიების წევრების და ჟურნალისტების ჩათვლით) და არალეტალური იარაღის უკანონო გამოყენება.
იმავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის" შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც გაანადგურა პირდაპირი ჩართვის აპარატურა, გამორთო ტელეკომპანია „იმედის" მაუწყებლობა, ხოლო „ტელეიმედის" თანამშრომლები ცემა-ტყეპით შენობიდან გამოყარა.
სააკაშვილის გეგმა ჩავარდა - შალვა პაპუაშვილი >>
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის დავალებითა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და სხვების უშუალო ჩარევით პატარკაციშვილის ოჯახს ზეწოლითა და დაშინებით წაართვეს ტელეკომპანია „იმედი", მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
სააკაშვილის, მერაბიშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს და უგულავას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0