რა მიმოიხილეს ღარიბაშვილმა და ალიევმა თბილისში - ძირითადი აქცენტები

© Official website of President of Azerbaijan Republicაზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2023
გამოწერა
გარდა ამისა, საქართველო ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ვაჭრობა და ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები - ეს და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით 8 ოქტომბერს ეწვია.
„ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. ასევე, მიმოვიხილეთ „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, შუა კორიდორის განვითარება გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზები მოდერნიზებას.
„ამ მხრივ აზერბაიჯანს დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები, საქართველოშიც ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას და რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველო ითანამშრომლებს აზერბაიჯანთან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა კონკურსი კერძო პარტნიორის შესარჩევად და უკვე ივნისში განაცხადი ოთხი კომპანიისგან შევიდა. კონკურსის შემდეგ ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.
„ჩვენ ასევე ვიწყებთ ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე, ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, რამდენიმე თვეში დასრულდება ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსი, რომელიც წარმატებით ხორციელდება.
„ჩვენ გვინდა, აზერბაიჯანთან გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის.
„წელს ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტით, შარშანაც გვქონდა რეკორდული წელი, „გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0