ახალი მსოფლიო წესრიგის პრინციპები: რაზე ისაუბრა პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე თითქმის 4 საათი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ყველა აქტუალურ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, უკრაინის საკითხზე, კანადის პარლამენტში ნაცისტთან მისალმების ინციდენტზე და „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვაზე, იუწყება „რია ნოვოსტი“.
პუტინმა სიტყვით გამოსვლისას მომავალი მსოფლიო წესრიგის შესახებ საკუთარ ხედვა ჩამოაყალიბა და რამდენიმე პრინციპი დაასახელა.

„ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ღია და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, რომელშიც არავინ შეეცდება ხელოვნური ბარიერების აღმართვას ადამიანების ურთიერთობებში, მათი შემოქმედებითი რეალიზაციისა და კეთილდღეობის ხელშესაშლელად“, — განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის მხარს უჭერს მაქსიმალურ წარმომადგენლობას, რადგან არავის აქვს უფლება და არ შეუძლია სამყარო სხვების ნაცვლად მართოს. მისი აზრით, მომავლის სამყარო კოლექტიური გადაწყვეტილებების სამყაროა.
„ჩვენ გვინდა, რომ სამყაროს მრავალფეროვნება არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ გახდეს საყოველთაო განვითარების საფუძველი. უნდა აიკრძალოს იმის თავსმოხვევა, თუ ვინ როგორ უნდა იცხოვროს და გრძნობდეს თავს“, — აღნიშნა პუტინმა.
მისი განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს საყოველთაო უსაფრთხოებასა და მტკიცე მშვიდობას, რომელიც აგებულია ყველას პატივისცემაზე. ამასთან მიაჩნია, რომ მთავარი — ეს საერთაშორისო ურთიერთობების ბლოკური მიდგომისგან, კოლონიური ეპოქისა და ცივი ომის მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაა.
„ჩვენ თანასწორობის მომხრე ვართ. არავინ არის მზად, დაემორჩილოს და საკუთარი ინტერესები ვინმეზე დამოკიდებული გახადოს. ეს არის კაცობრიობის მთელი ისტორიული გამოცდილების კვინტესენცია“, — აღნიშნა პუტინმა.

დასავლეთთან ურთიერთობა

პუტინს მიაჩნია, რომ დასავლეთში რეალობის გრძნობა დაკარგეს და „ყველა შესაძლო ზღვარი გადალახეს“.

„დასავლეთის კეთილდღეობა დიდწილად მიღწეულ იქნა კოლონიების ძარცვის წყალობით საუკუნეების განმავლობაში. ეს ფაქტია. სინამდვილეში, განვითარების ეს დონე დიდწილად მთელი პლანეტის ძარცვითაა მიღწეული. დასავლეთის ისტორია არსებითად არის გაუთავებელი ექსპანსიის ქრონიკა“, — განაცხადა პუტინმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთმა უარყო რუსეთის ყველა არგუმენტი და შეგონება, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების პრობლემა მათი გეოპოლიტიკური ინტერესები, სხვების მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულება და თავდაჯერებულობაა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ბევრ დასავლურ ქვეყანაში მმართველი ელიტა ისეთ ნორმებსა და წესებს იღებს, რომელთა მიღებაც მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს, მაგრამ იძულებულია მიიღოს.

მოგონილი წესები

შეერთებული შტატები თავის ეკონომიკურ ხაზს ახვევს თავს ევროპას, ცდილობენ კანონები გარკვეული წესებით შეცვალონ, რაც „სისულელე და უაზრობაა“.

„ამისთვის ისინი ცდილობენ შეცვალონ საერთაშორისო სამართალი წესრიგით. როგორი წესრიგით? გარკვეულ წესებზე დაფუძნებულით — რა წესებზე? რა წესებია ეს? ვინ გამოიგონა ისინი? ეს სრულიად გაუგებარია. რაღაც სისულელეა, უაზრობა. ისინი ასევე ცდილობენ ამის მილიონობით ადამიანის ცნობიერებაში ჩანერგვას: უნდა ვიცხოვროთ წესებით — რა წესებით?“ — დასვა კითხვები პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლელი კოლეგები ყველას ასწავლიან, ვინ და როგორ უნდა მოიქცეს ეკონომიკაში, თანაც ეს კეთდება თავხედურად, რაც კოლონიური აზროვნების გამოვლინებაა.
„დროა საბოლოოდ მოვიშოროთ ეს კოლონიური ბატონობის ეპოქის აზროვნება. პირდაპირ მინდა ვთქვა: თვალები გაახილეთ. ეს ეპოქა დიდი ხანია დასრულდა და აღარასდროს დაბრუნდება", — თქვა პუტინმა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ მსოფლიოში სუვერენიტეტის ცნება უარყოფილია, ნაგავშია გადაგდებული, სამყარო შესულია დაპირისპირებაში „ჩვენ — ისინი“, რაც მე-20 საუკუნის მანკიერი მემკვიდრეობაა.

სიტუაცია უკრაინის გარშემო

რუსეთს არ დაუწყია ე.წ. ომი უკრაინაში, პირიქით, ცდილობს მის დასრულებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არც 2014 წლის სისხლიანი და არაკონსტიტუციური გადატრიალება მოუწყვია კიევში, არც ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობა დაუშინებია, და არც დონბასი დაუბომბავს მისი დამორჩილების მიზნით.

„ჩვენ არ დაგვიშინებია ყირიმელები და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაცისტური სულისკვეთებით ეთნიკური წმენდით; ჩვენ არ ვცდილობდით დონბასის დამორჩილებას დაცხრილვებითა და დაბომბვით; ჩვენ არ ვცდილობდით გავსწორებოდით მათ, ვისაც მშობლიურ ენაზე ლაპარაკი სურს“, — განაცხადა პუტინმა.

როგორც ის ირწმუნება, უკრაინის კრიზისი — ეს ტერიტორიული კონფლიქტი არ არის, ვინაიდან რუსეთს არანაირი ინტერესი არ აქვს რაიმე ტერიტორიის დაპყრობის თვალსაზრისით.
„უკრაინის კრიზისი არ არის ტერიტორიული კონფლიქტი. მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო. რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა ტერიტორიით. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის თვალსაზრისით. ჩვენ ჯერ კიდევ ასათვისებელი გვაქვს ციმბირი, ასევე აღმოსავლეთ ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი. ეს არ არის ტერიტორიული კონფლიქტი“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, საქმე რეგიონული გეოპოლიტიკური ბალანსის დამყარებაც კი არ არის; საკითხი გაცილებით უფრო ფართო და ფუნდამენტურია.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრინციპებზე, რომლებზეც ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება დაფუძნებული“, — განაცხადა მან.
ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი არის პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს წამყვანი უცხოელი და რუსი ექსპერტების გაერთიანება. კლუბი 2004 წლის სექტემბერში შეიქმნა სააგენტო „რია ნოვოსტის“, საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს, გაზეთ Moscow Times-ისა და ჟურნალების — „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ და Russia Profile-ის ინიციატივით.
ყველა ახალი ამბავი
0