ვირუსების სეზონი დაიწყო - რომელი ინფექციებია ყველაზე გავრცელებული საქართველოში

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsკლინიკის მედპერსონალი
კლინიკის მედპერსონალი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
2022 წელს გრიპის ვირუსის შემთხვევები ზაფხულში გამოვლინდა, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის, განაცხადა ექიმმა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. რინოვირუსი, რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, გრიპის ვირუსი, კორონავირუსი – ეს ის ძირითადი ინფექციებია, რომლებიც ამჟამად არის გავრცელებული საქართველოში.
„Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რესპირატორული ვირუსების სეზონი, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოს იწყებოდა და მარტის ჩათვლით გრძელდებოდა.
კოვიდ-პანდემიის აქტიური ფაზის შემდეგ კი, ანუ 2022-2023 წლებში არსებული სურათი შეიცვალა და რესპირატორული ინფექციების შემთხვევების ზრდა ბევრად ადრე დაიწყო.
2022 წელს გრიპის ვირუსის შემთხვევები ზაფხულშიც კი დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი.

„გასული წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩვენ გამოვავლინეთ გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, რაც აქამდე არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

პანდემიის გავლენით აიხსნება რესპირატორული სინციტიალური ვირუსის შემთხვევების ზრდაც. ეს პროცესი 2022 წელს დაფიქსირდა და წელს სხვა ვირუსების, მაგალითად, რინოვირუსის შემთხვევებიც გაიზარდა.
„რინოვირუსის ის რაოდენობა, რაც საქართველოში წელს ფიქსირდება, პანდემიამდე არ იყო. ანუ სხვადასხვა ტიპის ვირუსების აქტივობის განაწილების ეს ცვლილება ნამდვილად აიხსნება სწორედ პანდემიის გავლენით და ამ მხრივ საქართველო არ არის გამონაკლისი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რინოვირუსის მნიშვნელოვნად გაზრდილ შემთხვევებზე. მისი თქმით, ის იწვევს გაციებას, ცხვირიდან გამონადენს, დაბალ ტემპერატურას. ამ დროს პაციენტების მდგომარეობა დიდად არ უარესდება, ზოგიერთს შეუძლია სამსახურში ან სკოლაშიც იაროს.
თუმცა, წელს რინოვირუსსაც აქვს განსხვავებები. კერძოდ, ის უფრო მეტად შეეხო სასუნთქ გზებს. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში რინოვირუსით დაავადებული ბავშვები შეიყვანეს, რომლებსაც ჟანგბადი დასჭირდათ, რაც, ზოგადად, არ არის დამახასიათებელი რინოვირუსისთვის.
„ამ მხრივ ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულია. ჩვენ ველოდებით, რომ როგორც კი აცივდება, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება", – აღნიშნა ჩხაიძემ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბერში იქნება >>
ექიმმა დასძინა, რომ რინოვირუსს მაღალი ტემპერატურა არ ახასიათებს. მაღალი ტემპერატურის დროს უნდა გამოირიცხოს კორონავირუსი ან გრიპის ვირუსი.
„კორონავირუსი არსად გამქრალა. ბოლო ორი კვირის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი 7-18%-ს აღწევს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
პროფესორი მოუწოდებს რისკის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს, დროულად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო აცრა და მიჰყვენ ექიმის მითითებებს, რათა თავიდან აიცილონ რესპირატორული ინფექციების გამო შესაძლო გართულებები.
ყველა ახალი ამბავი
0