თუ კუნთი დაგეჭიმათ: როგორ მოვიქცეთ და როდის მივმართოთ ექიმს

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კუნთის დაჭიმვა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით სპორტსმენებსა და მოცეკვავეებში, თუმცა მისგან არც რიგითი ადამიანები არიან დაზღვეული ყოველდღიური საქმიანობისას, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, არასწორმა მოძრაობამ, მაგალითად, რაღაც მძიმე საგნის აწევისას, მარტივად შეიძლება კუნთების დაჭიმულობა გამოიწვიოს, თანაც, სხეულის სხვადასხვა უბანში.
გარდა ამისა, დაჭიმულობის რისკს ზრდის ასაკი, წარსულში გადატანილი ტრავმები, მოქნილობისა და ძალის ნაკლებობა, ასევე დაღლამდე მუშაობა.
კუნთის დაჭიმულობა სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს:
მსუბუქი — როდესაც კუნთის მხოლოდ ზოგი ბოჭკო ზიანდება. ასეთ შემთხვევაში კუნთის შეკუმშვისას ტკივილი იგრძნობა, მაგრამ მისი ფუნქცია და ძალა შენარჩუნებულია.
საშუალო სიძლიერის — დაზიანებულია უფრო მეტი ბოჭკო და შეიძლება შეშუპება და ჰემატომა გაჩნდეს. იგრძნობა ტკივილი, კუნთი შესამჩნევად კარგავს ძალას.
ძლიერი — კუნთი იხლიჩება ან შორდება მყესს და მთლიანად კარგავს ფუნქციას. ჩნდება ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ჰემატომა. გახლეჩის ადგილზე შესაძლოა ისინჯებოდეს ღრმული ან ამობურცულობა.

როგორ უნდა მოვიქცეთ კუნთების დაჭიმვის შემთხვევაში

ტრავმის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოთ შემდეგი:
შეწყვიტეთ ფიზიკური აქტივობა და დაასვენეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი;
მტკივან ადგილზე დაიდეთ ყინული ანთების შესამცირებლად;
თუ ხელი ან ფეხი გაქვთ ტრავმირებული, დაიჭირეთ იგი სხეულის დონეზე მაღლა, რათა სისხლი უკან წამოვიდეს და ანთება შემცირდეს;
გადაიჭირეთ ელასტიკური ბანდაჟი (ბინტი), რათა კუნთზე დატვირთა შესუსტდეს;
წაისვით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მალამო.
დაიმახსოვრეთ: თუ დაჭიმულობა ძლიერია, ექიმის დახმარება დაგჭირდებათ. ხოლო მსუბუქი ტრავმის შემთხვევაში სპეციალისტის ჩარევა აუცილებელი არ არის. უბრალოდ არ დაიტვირთოთ დაზიანებული ნაწილი, რათა კუნთს დასვენებისა და აღდგენის საშუალება მიეცეს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

კუნთების დაჭიმვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:
ტრავმის დროს ტკაცანი შემოგესმათ;
დაზიანებული ადგილი ძალიან გტკივათ, შეგიშუპდათ და გაწითლდა;
კუნთი დასუსტებულია და კიდურის მოძრაობა გიჭირთ;
სიმპტომები მსუბუქ დაზიანებაზე მიუთითებს, მაგრამ ორი დღის შემდეგ უკეთესობას არ გრძნობთ;
ზურგში ჩნდება ტკივილის შეგრძნება, რაც მოძრაობაში ხელს გიშლით;
ზურგი კუნთების დაჭიმვამდეც გტკიოდათ;
აგიწიათ სიცხემ;
შარდვის დროს ტკივილსა და წვას გრძნობთ;
გეუფლებათ უეცარი სისუსტე და ფეხებში ჟრუანტელი გივლით;
საზარდულის ან ანუსის არე დაგიბუჟდათ;
გიჭირთ შარდვისა და დეფეკაციის გაკონტროლება.

რა დრო სჭირდება კუნთების გამოჯანმრთელებას

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმეზე. მსუბუქი დაჭიმულობა 1-3 კვირაში ლაგდება, საშუალო სიმძიმის ტრავმის მოშუშებას 2-3 თვე სჭირდება, ხოლო მძიმე დაზიანებისას შეიძლება ოპერაცია და რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციაც კი გახდეს აუცილებელი.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეაბილიტაციის დროს არ შეიძლება დაზიანებული კუნთის დატვირთვა მანამ, სანამ ტკივილი ბოლომდე არ ჩაცხრება და კიდური სრულად არ აღიდგენს მოძრაობის დიაპაზონსა და ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ხელახლა დაიზიანოთ კუნთი და გამოსაჯანმრთელებლად გაცილებით მეტი დრო დაგჭირდეთ.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმოძრაოდ უნდა იყოთ. უბრალოდ აკეთეთ ის, რაშიც დაზიანებული კუნთის გამოყენება არ დაგჭირდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0