რომელ ორგანოში „ცხოვრობს“ სიყვარული: მეცნიერებმა სხეულის რუკა შექმნეს

© unsplash/Kelly Sikkemaხელები
ხელები  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სიყვარული რთული და მრავალწახნაგოვანი გრძნობაა, რომელიც ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება მეცნიერებისთვის — მიუხედავად იმისა, რომ სწავლულებმა არაერთხელ სცადეს მისი შესწავლა: შექმნეს სიყვარულის კლასიფიკაცია, გამოიყვანეს მისი ფორმულები, ჩაუღრმავდნენ ჰორმონებსა და ნეიროტრანსმიტერებს, ასკანირებდნენ შეყვარებული ადამიანების ტვინს MRI-აპარატების გამოყენებით.
თავისი წვლილი ამ კვლევებში აალტოს უნივერსიტეტის (ფინეთი) მეცნიერებმაც შეიტანეს. მათ სტატიაში, რომელიც ჟურნალ Philosophical Psychology-შია გამოქვეყნებული, ყველაზე საინტერესო — სიყვარულის „სხეულის რუკაა“, რომელიც ასახავს, ზუსტად სად და რამდენად ძლიერად ვგრძნობთ სხვადასხვა სახის სიყვარულს.
სიყვარულის „სხეულის რუკა“
სიყვარულის „სხეულის რუკა“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
სიყვარულის „სხეულის რუკა“
მანამდე მათ 27 ტიპის სიყვარული, ანუ ცნება „სიყვარულთან“ დაკავშირებული 27 ტერმინი გამოყვეს, რომელთა შორის დაასახელეს: სიცოცხლის, რომანტიკული, სექსუალური, მშობლების, საკუთარი თავის, მეგობრების, ცხოველების, ბავშვების, ზოგადად ადამიანების, ღმერთის, ბუნების და სხვა სახის სიყვარული.
აღსანიშნავია, რომ ეს ტერმინები ფინური ენისთვისაა დამახასიათებელი და შესაძლოა სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს კითხვები გაუჩნდეთ. თუმცა, მთავარი ეს არ არის.
მკვლევართა მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად განსხვავებულია ან მსგავსია ყველა ეს განცდა. მათ ონლაინ გამოკითხვები ჩაატარეს, რა დროსაც ასობით მოხალისეს სთხოვდნენ, აღეწერათ, თუ რას გრძნობდნენ ისინი სხეულში, როდესაც ამა თუ იმ სახის სიყვარულს განიცდიდნენ. ამასთან მონაწილეებს კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ადამიანის სილუეტზე ის არეები უნდა გაეფერადებინათ, რომლებშიც, მათი აზრით, ამა თუ იმ ტიპის სიყვარულს შეიგრძნობდნენ.
ექსპერიმენტის მონაწილეებს ასევე უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რამდენად სასიამოვნო იყო ეს გრძნობა, რამდენად ინტენსიური იყო ის ფიზიკურად და გონებრივად და უკავშირდებოდა თუ არა შეხებას.
მეცნიერების მთავარი დასკვნა ასეთი იყო:

ყველა სახის სიყვარული აუცილებლად იგრძნობა ჯერ თავში, შემდეგ მოდის გულ-მკერდი, მუცელი, საზარდული და სხეულის სხვა ნაწილები. ამასთან, რაც უფრო ძლიერი და სასიამოვნოა გრძნობა, მით უფრო ძლიერი „ცეცხლი“ ედება ადამიანს არა მხოლოდ თავსა და მკერდში, არამედ მთელ სხეულში.

მკვლევართა თქმით, ინტენსივობითა და მოცულობით პირველ პოზიციაზე ვნებიანი სიყვარული აღმოჩნდა. ანუ, ტვინის გარდა, ის მთელ სხეულში შეიგრძნობა. მაგრამ ისიც გაირკვა, რომ სიცოცხლის სიყვარული ასევე მთელი სხეულით განიცდება — ხელებისა და ფეხების ჩათვლით.
რაც შეეხება სხვა ტიპის სიყვარულებს, სხეულის რუკით დადგინდა, რომ:
დედობრივი სიყვარული ძლიერად არის კონცენტრირებული მკერდისა და მკლავების არეში. შვილისადმი დედისა და მამის სიყვარულის შედარებისას აღმოჩნდა, რომ მამა ხელებში ნაკლებად შეიგრძნობს სიყვარულს, ანუ დედისთვის შვილის შეხება უფრო მნიშვნელოვანია;
ცხოველების სიყვარული კონცენტრირებულია ხელებში. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ძაღლებთან და კატებთან კომუნიკაცია ძირითადად ხელებით მოალერსებით ხდება;
ზოგადად ადამიანის სიყვარული (სავარაუდოდ, ჰუმანიზმი) — მხოლოდ თავში შეიგრძნობა;
ღმერთის სიყვარული — ის მკაცრად თავსა და გულშია „მოთავსებული“;
სიბრძნის (ცოდნის, სწავლის) სიყვარული — ტვინში ბუდობს.
ყველა ახალი ამბავი
0