„მჯერა ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს" - პრემიერი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

© AP Photo / Shakh Aivazovევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ ევროკავშირი მიიღებს გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ ესპანეთში, გრენადაში, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინდახედულობა. ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც გასულ წელს დაუშვა, როცა საქართველო, ასე ვთქვათ, დაჩაგრეს, უსამართლოდ მოექცნენ", – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ერთი მხრივ, ეს გვაძლევს ოპტიმიზმისა და იმედის საფუძველს, მეორე მხრივ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს არანაირი მოკლე გზა. ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი", – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არ ღირს კონკრეტულ თარიღებზე ფოკუსირება.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, უსაფრთხოების საკითხები", – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

პრემიერის თქმით, ყოველივე ამის თაობაზე იგი ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებზე საუბრობს და მას აქვს საკმაოდ წონადი არგუმენტები, რომლებიც მათ უნდა გაითვალისწინონ. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალზე ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით და რომ საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მიიღეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება", – განაცხადა პრემიერმა.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0