თბილისს ახალი გერბი და დროშა ექნება

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
დედაქალაქის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს სპეციალური კომისია გამოავლენს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამჟამინდელი გერბი და დროშა თბილისის საკრებულოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზეა მიღებული.
კალაძის თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონით განსაზღვრული გერბი და დროშა არ გააჩნია.

„მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. კომისია პროფესიონალებისგან იქნება შედგენილი, ხოლო კონკურსი ღია წესით, საჯაროდ წარიმართება.
„აღსანიშნავია, რომ თბილისელებისთვის ძვირფასი სიმბოლოების გამოყენება, რომლებიც წლების მანძილზე წარმოადგენდნენ დედაქალაქს, კვლავ შესაძლებელი იქნება სიმბოლური, არაოფიციალური დატვირთვით, რათა ქალაქის მეხსიერებას კიდევ დიდხანს შემორჩეს ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი გერბის გამოსახულება", – აღნიშნა კახა კალაძემ.
2005 წელს მიღებული თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ეს სახელმწიფო სიმბოლიკა დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია. რაც შეეხება დროშას, თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.
ყველა ახალი ამბავი
0