სტიქია დასავლეთ საქართველოში: გურიაში კიდევ ერთი ხიდის მონაკვეთი დაზიანდა

© Courtesy of Kavkasia TVდაზიანებული ხიდი გურიაში
დაზიანებული ხიდი გურიაში - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2023
გამოწერა
ამ დროისათვის ხიდზე მოძრაობა აკრძალულია.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო კიდევ ერთი ხიდის მონაკვეთი ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
უხვი ნალექის გამო მდინარე ბჟუჟი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდი ავარიული იყო.

„ეს ხიდი ძალიან ავარიული იყო. ახლა წყალმა ძირი გამოუთხარა და ჩავარდა. ხიდი ყველასთვის მნიშვნელოვანია და როდის მოხდება რეაბილიტაცია, არ ვიცით. ახლა შემოვლითი გზით მოგვიწევს გადაადგილება", – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კერძოდ, ხიდის მონაკვეთი ექადია–ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ჩავარდა. ამჟამად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.
უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ადიდებულმა მდინარემ ხორეთსა და ქვემო მამათის სოფლებში დროებითი ხიდები წაიღო. შედეგად, 150 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ადგილზე მუშაობს სპეციალური კომისია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. სამივე რაიონის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0