ათენში დაარსებული თეატრი, რომელმაც ემიგრანტი ბავშვები ქართულად აალაპარაკა

© courtesy of Tako Samxaradzeთაკო სამხარაძე
თაკო სამხარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
თაკო სამხარაძის ინიციატივით ათენში ფესტივალიც გაიმართა.
„ბედნიერი ვარ, რომ უცხო მიწაზე ჩემს საყვარელ პროფესიას და ქართულ საქმეს ვემსახურები“ - გვითხრა მსახიობმა თაკო სამხარაძემ, რომელიც ამჟამად ათენში ცხოვრობს და საქმიანობს. როცა სკოლა დაამთავრა, შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელში ჩააბარა ვოკალის ფაკულტეტზე. ამის შემდეგ სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე გააგრძელა. როდესაც საბერძნეთში ემიგრაციაში წავიდა, სწავლა იქაც გააგრძელა და სამი სასწავლებელი დაამთავრა. უკვე ექვს წელზე მეტია, რაც ათენის თეატრალურ-კულტურულ ორგანიზაცია „დიონისეში" მსახიობის ოსტატობის, სასცენო მეტყველებისა და ვოკალის მასწავლებელია. ამ ყველაფერთან ერთად ფილოლოგი, ბერძნული ენისა და ტურისტული სფეროს სპეციალისტია.
© photo: courtesy of Tako Samxaradzeთაკო სამხარაძე
თაკო სამხარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
თაკო სამხარაძე
- თაკო, ალბათ გახსოვთ სცენის მტვერით როდის მოიწამლეთ?
- სცენის მტვერით ძალიან ადრეული ასაკიდან, სამი წლიდან მოვიწამლე. ხელოვნებისადმი სიყვარული ჩემში დედამ აღმოაჩინა. სხვათა შორის, ოჯახის ყველა წევრი პროფესიით პედაგოგია, თეატრალური განათლება არცერთს არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლები იყო, დედას გურჯაანში თითქმის ყველა წრეზე დავყავდი. დედას დამსახურება იყო ის, რომ იმ დროს ჩატარებულ რესპუბლიკურ თუ რეგიონულ კონკურსებზე გავდიოდი. მინდა გითხართ, რომ მას იმედები გავუმართლე, რადგან ყველა კონკურსიდან ლაურეატი ვბრუნდებოდი.
© photo: courtesy of Tako Samxaradzeთაკო სამხარაძის დისშვილი
თაკო სამხარაძის დიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
თაკო სამხარაძის დისშვილი
- ცნობილია, რომ სცენას ნიჭიერები და იღბლიანები უყვარს, თქვენ შემთხვევაზე რას იტყოდით?
- საერთოდ ვამბობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო კურსზე გავიცანი რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, რომელმაც თავის დასში თამაში შემომთავაზა. მაშინ ის თანამშრომლობდა „თეატრთან ათონელზე“, სადაც სპექტაკლებს დგამდა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც გამიმართლა, რადგან ბატონ ლაშასთან ორწლიანი თანამშრომლობა ჩემთვის კიდევ ერთ უნივერსიტეტში სწავლის ტოლფასი იყო. ის მთავარი როლებით მანებივრებდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ყოველ რეპეტიციაზე შეძენილი ცოდნა-გამოცდილება. ველისციხის თეატრშიც მასთან ერთად მომიწია წასვლა. იქ სპექტაკლ „ფიროსმანში“ მარგარიტა ვითამაშე. ამ სპექტაკლმა იმოგზაურა როგორც საქართველოს სხვადასხვა წამყვან თეატრებში, ასევე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
© photo: courtesy of Tako Samxaradzeსცენაზე, სპექტაკლის შემდეგ
სცენაზე, სპქტაკლის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
სცენაზე, სპექტაკლის შემდეგ
- თუ შეიძლება, გაიხსენეთ მანამდე რა როლები გქონდათ ნათამაშევი?
- თავიდანვე, უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ძალიან გამიმართლა, რადგან გოგი თოდაძის ჯგუფში მოვხვდი. პირველი ორი წელი ეპიზოდური როლები ვითამაშე სპექტაკლებში „ბოშები“ და „ლურჯი ფრინველი“. ბოლო ორი წელი დულსინეას როლი მქონდა საკურსო სპექტაკლ „დონ კიხოტში“. სადიპლომო სპექტაკლში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ წამყვან როლს ვთამაშობდი.
© photo: courtesy of Tako Samxaradzeთაკო სამხარაძე მეუღლესთან ერთად
თაკო სამხარაძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
თაკო სამხარაძე მეუღლესთან ერთად
- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით, მომავალი მეუღლე სად გაიცანით?
- მომავალი მეუღლე ერთ-ერთ საადვოკატო ბიუროში ეკონომისტად მუშაობდა. მან ჩემი საბუთი დაახლოებით ერთ თვეში ჩამაბარა, უანგაროდ მომემსახურა, რაც ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, ეს ალბათ ვინც გამაცნო, იმ ადამიანის, ანუ ჩემი მეგობრის ხათრით გააკეთა–მეთქი და დავემშვიდობე. რამდენიმე დღის მერე ჩემს მობილურზე მისი ზარი შემოვიდა. ჩვენ ჯერ საუბრები დავიწყეთ, მერე კი ურთიერთობა. მასთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო. შემდეგ ოჯახი შევქმენით. დღეს გვყავს შვილები, რომლებიც ქართულად და ბერძნულად გამართულად, უაქცენტოდ საუბრობენ. მიხარია ის, რომ მათ ორივე სამშობლო ერთნაირად უყვართ.
© photo: courtesy of Tako Samxaradzeთაკო სამხარაძე მოსწავლეებთან ერთად
თაკო სამხარაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
თაკო სამხარაძე მოსწავლეებთან ერთად
- მეუღლესთან ერთად რომელი ორგანიზაცია დააარსეთ?
- დიახ, ათენში ქართულ-ბერძნული თეატრალური ორგანიზაცია შევქმენით და ამაში მეუღლის უდიდესი წვლილია. ერთხელ დიმიტრიმ მითხრა, რადგან ასე ძალიან გიყვარს შენი პროფესია, მე გაგიხსნი შენ თეატრალურ ორგანიზაციას და შენი საყვარელი საქმე აკეთეო. მან თავისი დანაპირები მალე შემისრულა. ზუსტად ერთ თვეში ორგანიზაციის წესდება ჩამიდო ხელში და წარმატება მისურვა. ამჟამად ამ ორგანიზაციაში, რომელსაც „დიონისე“ ვუწოდეთ, სასცენო ოსტატობას, მეტყველებას და ვოკალს ვასწავლი.
- გარდა ამისა, სპექტაკლებსაც დგამთ და კონცერტებსაც ატარებთ...
- პატარებისა და დიდების დასში 20-ზე მეტი სპექტაკლი მაქვს გაკეთებული. ასევე ათზე მეტი კონცერტი ჩატარებული. ჩვენთან ძირითადად არიან ქართველი ბავშვები, რომლებიც აქ დაიბადნენ და ქართული კულტურის სიყვარულით იზრდებიან. ბევრ მათგანს უჭირს ქართულად საუბარი, მაგრამ სცენაზე ქართულად თამაშობენ და მღერიან. თეატრმა ბევრი მათგანი ქართულად აალაპარაკა და ამ ამბის გამო ბედნიერი ვარ. გარდა ქართველებისა, ვოკალში გვყავს ბერძენი და ალბანელი მოსწავლეებიც, რომლებიც ქართულ სიმღერებზე შეყვარებული არიან და სულ მთხოვენ ხოლმე, რომ ვასწავლო. ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0