გეომაგნიტური ოქტომბერი: სახიფათო დღეების კალენდარი

© courtesy of GSFC / Solar Dynamics Observatory
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2023
გამოწერა
მეცნიერების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი, შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე თვეში მზის აქტიურობა დაბალი იქნება, თუმცა არსებობს M-კლასის აფეთქებების ალბათობა, ნათქვამია NOAA-ს კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის მონაცემებში.
ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, გეოსტაციონარულ ორბიტაზე არანაირი პროტონული გამოსხივება მოსალოდნელი არ არის.
ოქტომბრის გეომაგნიტური კალენდარი ასე გამოიყურება:
3 ოქტომბერი — მაგნიტოსფეროს აღგზნება 4 ბალს მიაღწევს, თუმცა მოვლენა მაგნიტურ ქარიშხალში არ გადაიზრდება;
5 ოქტომბერი — მაგნიტოსფერო 4 ბალამდე აღიგზნება, მაგნიტური ქარიშხალი მოსალოდნელი არ არის;
6-28 ოქტომბერი — ამ პერიოდში მაგნიტოსფერო მშვიდი იქნება და აღშფოთება 2 ბალს არ ასცდება;
29 ოქტომბერი — მოსალოდნელია მაგნოტოსფეროს 4 ბალამდე აღგზნება, მაგრამ არა მაგნიტური ქარიშხალი.
ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეცნიერების თქმით, მზის ცვალებადი ბუნებიდან გამომდინარე, მისი აქტიურობის პროგნოზი, შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს — თანაც არა მარტო საათებში, არამედ წუთებშიც კი.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს სჭირდება მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება გახდეს ძალიან აღგზნებული, მოეშალოს ყურადღება, გახდეს აგრესიული, გაუჭირდეს საშინაო დავალების შესრულება.
თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0