ამომრჩეველთა აქტივობა შუალედურ არჩევნებზე საქართველოში - ცესკოს ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerნათია იოსელიანი
ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2023
გამოწერა
ამომრჩევლებმა ელექტრონული ტექნოლოგიები კარგად და მარტივად აღიქვეს და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. კენჭისყრის პროცესი გორის, კასპისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 14.309 (7,76%) ადამიანი შეადგინა, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“) და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“) თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„მონაცემები, რომელიც ახლა გაგაცანით, ადასტურებს რომ ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისათვის საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია მედიაში გავრცელებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები, თითქოს აქტივობა დაბალია, მოქალაქეები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ელექტრონული აპარატები გამოსულია მწყობრიდან“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, ამომრჩევლებმა ელექტრონული ტექნოლოგიები კარგად და მარტივად აღიქვეს და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ ეტაპზეა და სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისე 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სწორედ ამ აქტიური კამპანიის შედეგია ის, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად წარიმართა.
იოსელიანმა ცესკოს სახელით მოუწოდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა და თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
საარჩევნო კანონმდებლობით, დღეს საარჩევნო უბანზე აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია წინასაარჩევნო მასალების განთავსება საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 25 მეტრზე უფრო ახლოს. დღეს ასევე დაუშვებელია ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება უბნის შენობაში გადაადგილებისას ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე.
არჩევნები ახლებურად
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ყველა ახალი ამბავი
0