ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის" დღესასწაულს მასშტაბურად აღნიშნავს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2023
გამოწერა
„თბილისობის" დღესასწაული პირველად 1979 წლის ოქტომბერში ჩატარდა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს „თბილისობას" მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს – მუზეუმი მრავალი ღონისძიების გამართვას გეგმავს ქვეყნის რეგიონებში, ნათქვამია მუზეუმის გვერდზე სოციალურ ქსელში.
დღესასწაულზე საქართველოს ყველა რეგიონი მუზეუმის ტერიტორიაზე თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით გამართავს ფოლკლორულ კონცერტებს, პერფორმანსებს, წარმოადგენს სამზარეულოს, ღვინის კუთხეებს, ჩაატარებს ქართული ტრადიციული რეწვის მასტერ-კლასებს. გარდა ამისა, დაგეგმილია გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბალეტი „ფოცხიშვილი", ანსამბლები „დიდგორი" და „მართვე".
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მუზეუმში მისვლის მსურველებს კუს ტბის ასახვევიდან მუზეუმის მიკროავტობუსი მოემსახურება.
რაც შეეხება რეგიონებს, ღონისძიებები ჩატარდება სვანეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, ქვემო ქართლსა და იმერეთში.
კახა კალაძე: მობრძანდით ყველამ და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“>>>
ღონისძიებების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ეთნოგრაფიულ პერფორმანსებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების პრეზენტაციებს, სხვადასხვა გამოფენებს, ადგილობრივი ანსამბლების კონცერტებს, მასტერ-კლასებს და სხვ.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ბოლო დროს ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა მხოლოდ ორჯერ გადაიდო – 2020 წელს კოვიდ-პანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში ჩატარდა. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0