ღარიბაშვილი: სახელმწიფო მევენახეებს მაქსიმალურად ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
მთავრობის მეთაური რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობით კმაყოფილია.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარა მევენახეებს, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ დახმარებებს, მათ შორის სუბსიდირებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თელავში რთვლის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა.
პრემიერის ინფორმაციით, რეგიონში უკვე 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, მევენახეებმა კი დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რთველი წარმატებით მიმდინარეობს, მოსავლის აღებისა და ყურძნის ჩაბარების პროცესი კარგადაა ორგანიზებული.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი შტაბის მუშაობით. ისინი აკონტროლებენ ქარხნებში მიმდინარე ყველა პროცესს, მიღებას, ჩაბარებას და ა.შ. მთელ პროცესს აკვირდებიან და აკონტროლებენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარება მევენახეებს, რადგან მევენახეობა ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული დარგია.
„ჩვენ ღვინის სამშობლო ვართ, ასე რომ, განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ამიტომაც გვაქვს ამ დარგის მიმართ. შედარებისთვის, 2012 წელს 25 ათასი ჰექტარი იყო ქვეყანაში, დღეს არის 50 ათასი ჰექტარი უკვე, რაც ძალიან დიდი პროგრესია ბოლო 10 წელიწადში", – აღნიშნა მან.
მისი ინფორმაციით, 2012 წელს 20 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტზე გატანილი, შარშან კი 100 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო გაიყიდა და ჯამურად 400 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ.
გამოკითხვა
მიგიღიათ თუ არა რთველში მონაწილეობა?
რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო. აქტიური რთველი ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში რეგისტრირებულია 400 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვნენ ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-მდე მეღვინეობა, რთვლის დაწყებიდან ყურძენი 115-მა ქარხანამ გადაამუშავა.
გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
დაზიანებული ყურძენი
2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
სახელმწიფო საწარმოს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ამ ეტაპზე გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს.
რთველი-2023: კახეთში 107 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა>>
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია).
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0