ნადირობის სეზონი: უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოვლინდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს გაიხსნა და ის 2024 წლის 1 მარტს დასრულდება. გამონაკლისია ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები, სადაც სეზონი 26 აგვისტოს გაიხსნა.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 80 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში, 36 – სამეგრელო–ზემო სვანეთში, 21 – შიდა ქართლში, 15 – გურიაში, 12 – კახეთში, 9 – აჭარაში, 7 – სამცხე-ჯავახეთში, 5 – ქვემო ქართლში, 2 ფაქტი კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა. უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთილია დედაქალაქშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 59 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 5 შემთხვევაში ბრაკონიერებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს, 2 კი გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტი იყო.
ასევე დაფიქსირდა ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში სულ ამოღებულია 164 „მანოკი".
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
იხსნება ნადირობის სეზონი - ნაკრძალებში კონტროლი ძლიერდება>>>
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველოში ნადირობა იკრძალება სახელმწიფო ნაკრძალებიდან 500 მეტრ რადიუსში და ეროვნული პარკებიდან 250 მეტრ რადიუსში. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
ყველა ახალი ამბავი
0