ერის გადარჩენის გეგმა - სხვადასხვა სფეროს ექსპერტები საქართველოს მომავლისთვის გაერთიანდნენ

© photo: Sputnik / Stringerგოჩა ცოფურაშვილი
გოჩა ცოფურაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა ქვეყანას იმიტომ ტოვებს, რომ აქ პერსპექტივას ვერ ხედავს, მიიჩნევენ ექსპერტები.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სჭირდება მართვის ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოდელი – ალტერნატივა მუდმივი მიტინგების, პროტესტებისა და პოლარიზაციისა, რომელიც ქვეყანაში პროგრესირებს, მიიჩნევს საქართველოს მეცნიერთა გაერთიანების წარმომადგენელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი.
ამის შესახებ მან განაცხადა პრესკონფერენციაზე „ქართველი ემიგრანტების თვალით დანახული საქართველოს პრობლემები", რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ემიგრანტების ყრილობის ორგანიზატორი ერეკლე შონია.

„უნდა შევცვალოთ ქვეყნის მართვის მეთოდი, სისტემა უნდა შევცვალოთ. ბევრი სისტემა სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშაა, რაც უნდა გამოსწორდეს", – განაცხადა ცოფურაშვილმა.

ერეკლე შონიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში ძალზე მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ბევრი მოქალაქე გამოუვალი მდგომარეობის გამო სხვა ქვეყანაში წასვლას არჩევს სამუშაოსა და ნათელი მომავლის პერსპექტივისთვის.

„ადამიანები აქედან მიდიან არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური ვითარების, არამედ იმის გამოც, რომ აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ, იმედი აღარ რჩებათ. ამიტომ ჩვენ ქართველ ემიგრანტებთან ერთად გვინდა წარმოვადგინოთ ქვეყნის მართვის ალტერნატიული მოდელი, რათა ადამიანებს გაუჩნდეთ იმედი და გაჩნდეს პერსპექტივის შეგრძნება", – განაცხადა შონიამ.

ამ სიტუაციიდან გამოსავლად ექსპერტები მიიჩნევენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი სოციალური პროგრამების შექმნას მოქალაქეებისთვის, რათა მათ თავიანთი მომავალი დაინახონ სამშობლოში და მის საძებნელად საზღვარგარეთ არ წავიდნენ.

„ჩვენი მიზანია ქვეყნის გადარჩენა დემოგრაფიულად. როგორ? – არ ვაიძულოთ ადამიანები, გააჩინონ 10-15 ბავშვი, არა. საუბარია ეკონომიკურ მოდელებზე და ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებიც ადამიანებს სტიმულს მისცემს, დარჩნენ აქ და იმუშაონ", – განაცხადა ცოფურაშვილმა.

ექსპერტების თქმით, მათ უკვე შეძლეს ამ მიზნის ეგიდით მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, ინტელიგენციის წარმომადგენლების, ქართველი ემიგრანტების გაერთიანება. თბილისში ცოტა ხნის წინ გაიმართა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ყრილობა, რომლებმაც ქვეყნის განვითარების შემდგომ გზებზე იმსჯელეს.

„შეუძლებელია იმუშაო მხოლოდ ერთი სფეროს გაძლიერებასა და განვითარებაზე, ამიტომ ვცდილობთ გავაერთიანოთ რამდენიმე სფეროს სპეციალისტები. უნდა შეიკრიბოს გარკვეული სტრუქტურა, რომელიც საჭირო კადრებით დაკომპლექტდება. თუ არ იქნება შესწავლა და სამეცნიერო მიდგომები, ასეთი პატარა ერის გადარჩენა ახალი რეალობის ეპოქაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება", – განაცხადა შონიამ.

მისი თქმით, გამართული შეხვედრის მონაწილეებს არა აქვთ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ შეხვედრას ყველა არსებული პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია, მაგრამ ეს პირველი გადადგმული ნაბიჯია ქართული დიასპორის წარმომადგენელთა გაერთიანებისკენ.
გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციის 10-წლიანი მაქსიმუმი დაფიქსირდა. ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. გასულ წელს წასულთა 62% მამაკაცია, 38% – ქალი. ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად (2023 წლის 3 მაისი), საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.
ყველა ახალი ამბავი
0