კალაძე: მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2023
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გაერთიანებისთვის მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით.
სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. ამ დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

„მინდა პატივი მივაგო ტერიტორიულ მთლიანობას შეწირულთა ხსოვნას და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება", – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სოხუმის დაცემა – ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე თარიღია.
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემის დღე. ეს თარიღი ერთნაირად მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის. ამ დღეს მოჰყვა ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვენი გმირი მებრძოლების შეწყვეტილი სიცოცხლე, დევნილად ქცეული მოსახლეობა, გახლეჩილი საქართველო", – განაცხადა მერმა.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0