მოწოდება ომისკენ - თალაკვაძე სანიკიძის განცხადებაზე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2023
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის გამოსვლა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით – ეს მოწოდებაა ომის სცენარისკენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ გუშინ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე ისაუბრა. მაგალითად მან აზერბაიჯანი მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, პრეზიდენტმა ალიევმა გახსნა „მეორე ფრონტი“ და „დაასრულა“.

„გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასეთ სცენარს არ განიხილავს.

„ჩვენ ვიცით, რომ ომით ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტა საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და არც ჩვენი პარტნიორები არ უჭერენ მხარს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია აფხაზებთან და ოსებთან დანგრეული ხიდების აღდგენითა და ეკონომიკური განვითარების წყალობით, აღნიშნა მან.

„ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, დანგრეული ხიდების აღდგენით, რომელიც გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებას. ომით ეს შეუძლებელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა და მომავალს, აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნებით მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთნ ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.
ყველა ახალი ამბავი
0