ტრადიციების ერთგული სკოლა, რომელიც ახალ გამოწვევებსაც პასუხობს
15:39 26.09.2023 (განახლებულია: 19:04 26.09.2023)
© courtesy of Nino Burdiashviliნინო ბურდიაშვილი
© courtesy of Nino Burdiashvili
გამოწერა
„სამომავლოდ გადადგმულ ნაბიჯებს წარსული განსაზღვრავს, ისინი უხილავი ძაფებითაა ერთმანეთზე მიბმული“ - ამბობს ნინო ბურდიაშვილი, რომელიც პატარძეულის სკოლის დირექტორია. ამ ძველი ტრადიციების მქონე სკოლაში სიახლეებიც თამამად ინერგება. ეს კი გარანტირებული წარმატების წინაპირობაა. რაც შეეხება სკოლის წარმატებებს მისი დირექტორობის დროს, მცირე ჩამონათვალი ასეთია: ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რაიონულ ჩემპიონატზე გამარჯვება და რესპუბლიკურზე ღირსეული თამაში, „დედაენის“ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება რამდენიმე ნომინაციაში, ესეების რესპუბლიკურ კონკურსზე საპრიზო ადგილები და შთამბეჭდავი ჯილდოები და ბევრი სხვა...
© photo: courtesy of Nino Burdiashviliნინო ბურდიაშვილი სამუშაო პროცესში
ნინო ბურდიაშვილი სამუშაო პროცესში
- ქალბატონო ნინო, მასწავლებლობაზე თავიდანვე ოცნებობდით?
- ბავშვობაში მასწავლებლობანას ვთამაშობდი, მე ყოველთვის პედაგოგი ვიყავი და „გაკვეთილებს ვატარებდი“. ჩემი ადრეული ბავშვობა შილდის პირველ საშუალო სკოლას უკავშირდება. სწორედ შილდასთანაა დაკავშირებული ჩემი პირველი სასკოლო ნაბიჯები. დღემდე სუნთქვა მეკვრის იმ წლების გახსენებაზე. სასკოლო პერიოდის ბოლო წლებში უკვე მყარად ვიცოდი სად იყო ჩემი ადგილი. ყოველთვის მხიბლავდა ენები, ფილოლოგია. გენეტიკურ ფაქტორსაც ვერ გამოვრიცხავ, რადგან დედაც პედაგოგია. სკოლის მერე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი ვარ, სემიტოლოგი.
© photo: courtesy of Nino Burdiashviliნინო ბურდიაშვილი კოლექტივთან ერთად
ნინო ბურდიაშვილი კოლექტივთან ერთად
- სად ჩაატარეთ პირველი გაკვეთილი და როგორ გახსოვთ?
- ეს იყო თბილისის 57-ე სკოლაში, მერვე კლასთან. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. არ მავიწყდება ამ სკოლაში როგორ შეგვხვდნენ ახალგაზრდებს, საოცარი ნდობით. იმ დროს აკაკი წერეთელს გადიოდნენ. წინა ღამე გავათენე, ყველაფერი დავგეგმე გონებაში, მაგრამ როცა საკლასო ოთახში შევედი, საერთოდ არ მახსოვდა რა ჩანაფიქრი მქონდა. მაინც საოცარი გაკვეთილი გამოვიდა, ჯგუფელები და ლექტორები მესწრებოდნენ. დღემდე ვფიქრობ, რომ მაშინ ძალიან თამამად გადავდგი ნაბიჯი. არასოდეს უნდა მოიქცე გაკვეთილზე რუტინულად. სიტუაცია გკარნახობს ყოველთვის ახალ მიდგომას, ჩვენს პროფესიაში არ არსებობს რეცეპტები, ამიტომაც ვთვლი, რომ მასწავლებლობა ყველაზე მაგარი პროფესიაა.
© photo: courtesy of Nino Burdiashviliნინო ბურდიაშვილი
ნინო ბურდიაშვილი
- დირექტორის პოზიციაზე როდიდან ხართ?
- სანამ დირექტორი გავხდებოდი, კერძო სკოლაში ვმუშაობდა და ვთვლი, რომ იმ წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა. დირექტორი 2012 წლის მარტიდან ვარ. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მისიაა, როცა შენი მშობლიური სკოლის წინამძღოლი ხდები. განსხვავებულ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვენი სკოლა რეფორმებშია მუდმივად, ყოველთვის ვამბობ, რომ ექსპერიმენტები და მოძრაობა ცვლილებებისთვის არასოდესაა ცუდი. უპირველესად იმიტომ, რომ მოძრაობაში ვითარდები, წინ მიიწევ.
- გასაგებია, რომ სიახლეებისა და ცვლილებების არ გეშინიათ. ზოგადად სკოლის რეფორმაზე რა აზრის ხართ?
- მერე რა, რომ ზოგჯერ მარცხითაც შეიძლება დასრულდეს რომელიმე ნაბიჯი, შეიძლება წაიქცე, მაგრამ თუ მოძრაობის სურვილი გაქვს, აუცილებლად წამოდგები. ამიტომ მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, არასოდეს მეშინია ცვლილებების და, მგონი, გუნდიც ერთნაირად, საერთო ორბიტაზე ტრიალებს. ვგულისხმობ ჩემს პედაგოგებს და მშობლებს, რომ არაფერი ვთქვათ მოსწავლეებზე, რომელთა გამოც ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება რეფორმას, ამას რეფორმასაც ვერ დავარქმევ, საპილოტო რეჟიმის პირველივე ეტაპის 50 სკოლაში მოვხვდით და დღემდე აქტიურად ინერგება „ახალი სკოლის მოდელი". ახალი სკოლის მოდელმა მნიშვნელოვნად შეარყია ძველ ამოცანებსა და სტერეოტიპებზე აგებული საკლასო მეთოდოლოგიები. რაც ყველაზე მომხიბვლელია ამ პროცესში, ესაა მეტი თავისუფალი სივრცე და თამამი ნაბიჯები მოსწავლე-მასწავლებლისთვის. ინიციატივები ქვემოდან ზემოთაა წახალისებული და დღეს განათლების სამინისტროს გეზი სწორედ ასეთი კრეატიული, თამამი ინიციატივებისკენაა აღებული.
© photo: courtesy of Nino Burdiashviliნინო ბურდიაშვილი კოლექტივთან ერთად
ნინო ბურდიაშვილი კოლექტივთან ერთად
- პატარძეულთანაა დაკავშირებული გოგლა ლეონიძის შემოქმედება...
- დიახ, პატარძეულში გოგლას ნაკვალევია ყველგან და პატარ-პატარა მუზები ადგილზე ვერ ჩერდებიან. მეც სულ პოეზიის ქარცეცხლში ვარ. ჩემთვის ქართული პოეზია და, ზოგადად, ლიტერატურა არაა მიწიერი მოვლენა – ამით ღმერთთან საუბრობ, არამიწიერი ხდები და მაღლდები. ვთვლი, რომ ვისაც პოეზია ესმის, ყოველთვის იმარჯვებს მდაბალ, ქვენა გრძნობებზე, ასე რომ ეპოტინება ადამიანთა სულებს. რაც შეხება იმას, თუ რაზე და ვისზე ვწერ, ამას სულ მეკითხებიან და ამ კითხვაზე ვერასოდეს ვპასუხობ. ალბათ ვწერ იმას, რაც მეწერება კონკრეტული ემოციისას, ამ ემოციას მუზა ჰქვია. აქვე ჩემ საყვარელ ორსტროფიან ლექსს გაგაცნობთ:
დაუსრულებელ ლაბირინთებში
დაკარგული ვარ, ღამე ფლიდია,
ეშმა მოღოღავს ღიმილნარევი
იცის, რომ აქვე ბეწვის ხიდია.
ზეცა იხსნება, აწ, იმედია,
ანგელოზებიც იქვე მიდიან,
და ამ უკუნეთ გეენიაში
უფალი ისევ ისე დიდია!
© photo: courtesy of Nino Burdiashviliნინო ბურდიაშვილი
ნინო ბურდიაშვილი
- როგორ აგრძელებს ტრადიციებს პატარძეულის სკოლა?
- ჩვენი სკოლა ლამის საუკუნე-ნახევრისაა, დღეს კი ახალ რელსებზეა შემდგარი, გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურითაც. 2019 წელს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს პატარძეულის სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობს. დინამიკა მზარდია ბოლო სამი წელია და ეს ძალიან მახარებს. დასაწყისშიც აღვნიშნე, მოსწავლე სწორედ ის მთავარი ადამიანია, რომლის გამოც გიღირს ბრძოლა, მით უმეტეს, როცა მათი მიღწევები ხშირად განიჭებს ბედნიერებას. რაც შეეხება ტრადიციებს, ჩვენი სკოლა მისი ღირსეული გამგრძელებელია. ჩემი წინამორბედი დირექტორისგან, რომელიც ჩემი აღმზრდელი პედაგოგიც იყო, აწ გარდაცვლილი ომარ მიქელაშვილისგან იმდენად კარგად გაკვალული ხნული შემოგვრჩა, რომ სირცხვილია, თუ ჩვენც ისეთივე შემართებით არ გავაგრძელებთ.
ნინო მამულაშვილი