თბილისის საკრებულოს დეპუტატის ცემა: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზეც მიუთითა
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.
ეძგვერაძის განცხადებით, 22 სექტემბერს გლდანში მას 30-მდე ადამიანი დაესხა თავს. ეძგვერაძე დამკვეთად ასახელებს „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატს კოტე ზარნაძეს, რომელთანაც რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ჩხუბი მოუვიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ, ისინი საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ.
ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს >>
გარდა მიმალვის საფრთხისა, ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზეც ისაუბრა. ასევე, პროკურატურამ მიუთითა საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც, ბრალდების პოზიციით, დანაშაულს ადასტურებს.
თავის მხრივ, დაკავებულთა ადვოკატებმა განმარტეს, რომ ბრალდებულებს მიმალვის განზრახვა არ ჰქონიათ და ახლობელთან მიდიოდნენ. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახედ კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულების დანაშაული არ დასტურდება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხ პირს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.
სამართალდამცველებმა საქმის ფოგურანტები 23 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0