სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს მამაზე ძალადობის ფაქტზე განაჩენი გამოუტანა

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
გამოწერა
გრიგორიადისმა დღევანდელ პროცესზე ბრალი აღიარა.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაზე ძალადობაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლაზარე გრიგორიადისის სახელი თბილისში მარტში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და შსს-ს მანქანა დაწვა.
რაც შეეხება მიმდინარე სასამართლო პროცესს, შემთხვევა 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, რაც ლაზარეს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მაგრამ თავად დაზარალებულს, მის მამას მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ ის "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო", რის შემდეგაც მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევისთვის დარბაზიდან გააძევა.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ყველა ახალი ამბავი
0